მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში წარმოებული ძვირადღირებული სანელებელი შაფრანი ევროპაში ექსპორტზე გადის

60ba91e16da0c
მადონა გასანოვა
05.06.21 01:00
4677
ქართველი მწარმოებელი, მერაბ ინასარიძე, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქვეყანაში შაფრანის მოყვანა დაიწო. ამჟამად მას პროდუქცია ექსპორტზე გააქვს გერმანიასა და შვეიცარიაში და საქმიანობას მომგებიანადაც აფასებს.

შაფრანის სანელებელი შაფრანის ყვავილის (Crocus sativus) გამხმარი სტიგმებისგან მიიღება. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი ყვავილი ძალიან მცირე რაოდენობის სტიგმას იძლევა, ერთი გრამი სანელებლის მისაღებად, დაახლოებით 200 ყვავილია საჭირო. ამასთან, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული სანელებელი, - აღნიშნულია East-Fruit-ის სტატიაში.

„შაფრანის მოყვანა შვიდი წლის წინ დავიწყე. მთელი ცხოვრება მიწათმოქმედებით ვარ დაკავებული. ვზრდი სხვადასხვა კულტურებს: სიმინდი, ხორბალი, ვაშლი და სხვა.. თუმცა, კარგ შემოსავალს ვერ ვნახულობდი. მეგობარი მყავს გერმანიაში, იქვე ცხოვრობს ჩემი შვილიც, სწორედ მათ მომაწოდეს იდეა, შაფრანი დამეთესა. თესლიც კი მათ გამომიგზავნეს. ამჟამად, ჩემი პლანტაცია 1500 კვ.მ-ზეა. შარშან, 40,000 ბოლქვიდან 750 გრამზე მეტი ვერ მოვაგროვე. წლის ბოლოსთვის სარგავი ფართობის 5,000 კვ.მ-მდე გაზრდას ვფიქრობ, რათა 3 კგ-ზე მეტი მოსავალი ავიღო,“ - ამბობს ინასარიძე.

მისი თქმით, ერთ ჰექტარზე შესაძლებელია, საშუალოდ, 10კგ-მდე მოსავლის მიღება, თუმცა ამის წინაპირობა „კარგი მენეჯმენტი და სათანადო გამოცდილება უნდა იყოს". 

როგორც ინასარიძე აცხადებს, იგი მოსავლის უმეტეს წილს ექსპორტზე აგზავნის.

„ამ ეტაპზე, აღნიშნულ სანელებელზე საქართველოში დიდი მოთხოვნა არ არის. სავარაუდოდ, ამის მიზეზი მაღალი ფასია. ქვეყნის შიგნით ერთ გრამს 20 ლარად ვყიდი. იმ შემთხვევაში, თუკი დამკვეთი დიდ რაოდენობას მიკვეთავს, მაშინ - 15 ლარად. თუმცა, რეალიზაციის ძირითადი წილი საექსპორტო ბაზრებზე მოდის. საზღვარგარეთ ვაგზავნი, გერმანიასა და შვეიცარიაში“, - ამბობს მწარმოებელი.

მისივე თქმით, შაფრანის მოყვანა რთული არ არის. „უპრეტენზიო მცენარეა და არც პესტიციდებს საჭიროებს. ორგანული პროდუქტია, რომლისთვისაც სასუქებს არ ვიყენებ. პირველ წელს ნიმუშები საფრანგეთის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გავაგზავნეთ, სადაც ძალიან მაღალი შეფასება მიიღო. აღნიშნული სერტიფიკატი ევროპაში რეალიზაციაში მეხმარება“, - აღნიშნა ინასარიძემ.

როგორც მწარმოებელი აღნიშნავს, შაფრანის გაზრდასა და სანელებლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, შედარებით დაბალია. „ძირითადი ხარჯი მუშახელს უკავშირდება. „იქ, სადაც ახლა შაფრანი მომყავს, 100 ტონამდე ვაშლს ვკრეფდი მანამდე, თუმცა, მომგებიანი არ იყო“.

როგორც ინასარიძე აღნიშნავს, ბოლო დროს საქართველოში შაფრანის მოყვანისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება და ბევრი უკავშირდება რჩევისთვის, თუ რა არის ის და როგორ აწარმოონ.

შაფრანი, რომელსაც ზოგჯერ „წითელ ოქროს“ უწოდებენ, ძირითადად, ირანში მოჰყავთ. მხოფლიო ბაზარზე 1კგ შაფრანის ფასი რამდენიმე ათასი დოლარიდან იწყება და 10,000 აშშ დოლარსაც აღწევს. ამ სანელებელზე ყველაზე დაბალი ღირებულება ირანშია, სადაც ფასი 1-1,2 ევროს შეადგენს, ერთ გრამზე ინდოეთში მისი ღირებულება 6-4 ევროა, კანადაში - 6-8.5 ევრო, აშშ-ში - 7-9.3 ევრო, ესპანეთში, გერმანიასა და იტალიაში - 7-9 ევრო, ემირატებში - 2.9-4.4 ევრო, ჩინეთში - 3,5-5 ევრო, თურქეთში - 2.75-4.3 ევრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები