მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში წარმოებული შვეიცარიული ყველი ექსპორტზე აშშ-ში გავიდა

62c7d6732c37e
ვიქტორია მღებრიშვილი
08.07.22 11:00
3628
დმანისში მოქმედი ქართულ-შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასიის“ ყველის ქარხანამ აშშ-ში ექსპორტზე ყველის პირველი პარტია გაიტანა. ამის შესახებ ბიზნესმენმა და აგრარული სკოლის დამფუძნებელმა მიხეილ სვიმონიშვილმა „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პროფესიული სასწავლებელი, სადაც მსურველები მესაქონლეობა-მერძევეობის მიმართულებით პროფესიებს თანამედროვე მიდგომებითა და შვეიცარიული ხარისხით ეუფლებიან, კომერციული პროექტი არ არის, თუმცა შემოსავლები მასაც ესაჭიროება. მასშტაბური პროექტის ერთ-ერთი შემოსავლის წყარო კი სკოლის ყველის ქარხანაში დამზადებული შვეიცარიული ყველის რეალიზაცია და ექსპორტი წარმოადგენს.



„ეს არაკომერციული პროექტია, რომელიც ბიზნესი ვერ იქნება, თუმცა ყველის ქარხანა სკოლის საკუთრებაშია, სადაც შვეიცარიული მანქანა დანადგარებითა და მეთოდებით შვეიცარიულ ყველს ვაწარმოებთ. სკოლას კი შემოსავლები სჭირდება და იმედი მაქვს, რომ ეს შემოსავლები გაიზრდება.

პირველი ორი პარტია ამერიკაში, ნიუ-იორკში უკვე გავიდა, ეს ნახევარ ტონაზე მეტი ყველია. ჩვენი მაღალი ხარისხის ყველი ძვირ პროდუქტს მიეკუთვნება. იმედი მაქვს საექსპორტო პოტენციალს შევქმნით. რაც მთავარია ამ ქარხანაში ჩვენი მოსწავლეები სწავლობენ, რომ ხარისხიან პროდუქტს თავისი ფასი აქვს“, - აღნიშნა სვიმონიშვილმა ინტერვიუს დროს.

მისი თქმით, 1 კგ ექსპორტირებული ყველის ღირებულება 23 დოლარია. შედეგად ამერიკაში პირველი 20 000 დოლარის ყველი გაიყიდა. მიხეილ სვიმონიშვილი აღნიშნავს, რომ შვეიცარიული ყველის გაყიდვები საქართველოში, თბილისშიც დაიწყეს და ამბობს: „ამ ეტაპისთვის ჯერჯერობით მარაგებს ვაკეთებთ და ყველის დაძველება ხდება“.



შეგახსენებთ, რომ დმანისში ქართულ-შვეიცარიული აგრარული სკოლა „კავკასიამ“ პირველი სტუდენტები გასულ წელს მიიღო. პროექტი შვეიცარიის მთავრობისა და შვეიცარიული ფონდების, ასევე ბიზნესმენ მიხეილ სვიმონიშვილის დაფინანსებით ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები