მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში წარმოებული თბოიზოლაციისთვის საჭირო მასალა ექსპორტზე ლიეტუვაში გავიდა

60ba16311d410
ინგა მურუსიძე
04.06.21 15:17
989
სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, 2018 წელს შექმნილი კომპანია „ფორმულა კონსტრაქშენის“ მიერ წარმოებული სამშენებლო პროდუქტი ექსპორტზე ევროპაში გავიდა. პირველი ქვეყანა, სადაც სატესტოდ თბოიზოლაციისთვის განკუთვნილი 3 ტონა მასალა გაიგზავნა, ლიეტუვაა, თუმცა როგორც bm.ge-სთან კომპანიის დირექტორი ირაკლი ხუნწარია აცხადებს, აქტიურად მიდის მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც, მათ შორისაა: პოლონეთი, ბულგარეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, კატარი და საუდის არაბეთი.

"მსოფლიოში ცნობილია, რომ ქართული და ბერძნული პერლიტი (პერლიტი ეკოლოგიურად სუფთა, ფხვიერი, ფოროვანი, რბილი, მსუბუქი, მტკიცე და გამძლე მასალაა. ახასიათებს შესანიშნავი თბოსაიზოლაციო და ბგერათსაიზოლაციო თვისება, აქვს მაღალი აბსორბაციის უნარი) არის უნიკალური. ჩვენ ეს შესაძლებლობა გამოვიყენეთ და ქართული პერლიტისგან, ასევე ჩვენ მიერ წარმოებული რუხი და თეთრი ცემენტისგან ვამზადებთ თბოიზოლაციისთვის საჭირო მასალას და სხვადასხვა ქვეყანას  ვთავაზობთ. პირველ ეტაპზე მიღწეულია შეთანხმება ლიეტუვასთან და იქ ამჟამად გაგზავნილია 3 ტონა პროდუქტი, ხოლო წლის ბოლომდე თვიურად 400 ტონის ექსპორტს ვგეგმავთ, თუმცა ყველაფერი მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზეა დამოკიდებული; ასევე, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია უკუკავშირი ლიეტუვასგან - რამდენად მოთხოვნადი იქნება ჩვენი პროდუქცია იქაურ ბაზარზე", - ამბობს ხუნწარია.

გარდა ამისა, როგორც კომპანიის დირექტორი ყვება, "ქართული სამშენებლო პროდუქციის გატანა ექსპორტზე საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა კონტაქტები გამოიყენეს, ქვეყნებს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შესთავაზეს და შედეგიც სახეზეა".

რაც შეეხება პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს, "ფორმულა კონსტრაქშენის" დირექტორი ამბობს, რომ 2020 წელს სამშენებლო მასალების რეალიზაციის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 60%-ით შემცირდა.

„პანდემია ნამდვილად ხელისშემშლელი აღმოჩნდა ბიზნესისთვის. ჩვენს შემთხვევაში, 2019 წელთან შედარებით 2020 წლის აგვისტო-სექტემბრის პერიოდში რეალიზაციამ 60%-ით იკლო. მართალია, სექტემბრიდან რეალიზაცია შედარებით გაიზარდა, მაგრამ ნოემბერში მეორე „ლოქდაუნის“ დროს კვლავ შენელდა, თუმცა ახლა არა უშავს“, - განაცხადა ირაკლი ხუნწარიამ.

ცნობისთვის: „ფორმულა კონსტრაქშენი“ ამჟამად კომპანია 50-მდე ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები