მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში წარმოებული თვითმფრინავის ნაწილების პირველი პროდუქცია "Boeing"-მა შეისყიდა

5c5af93aad2b3
BM.GE
06.02.19 19:40
2429

"საპარტნიორო ფონდისა" და ისრაელის კომპანია "Elbit Cyclone"-ის ერთობლივი პროექტის, თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანამ (ATC) პროდუქციის შესყიდვასთან დაკავშირებით პირველი დოკუმენტი გააფორმა. დოკუმენტს ხელი კომპანია "ელბიტ საიკლონის" დირექტორმა დევიდ ვიდანმა და ATC-ის დირექტორმა არი ვეისბორტმა მოაწერეს.

საქართველოში წარმოებული პირველი პროდუქცია მსოფლიო ავიაგიგანტ "Boeing"-სთვის დამზადდა.

როგორც "საპარტნორო ფონდში" განმარტავენ, საწარმომ სატესტო რეჟიმში მუშაობა დაასრულა და სარეალიზაციოდ პირველი პროდუქციის გამოშვება უკვე დაიწყო.

"ამ დროისთვის ქარხანაში (ATC) სერტიფიცირების პროცესი დასრულებულია. ამიერკავკასიაში პირველი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწლების ქარხანა ISO-ს სერთიფიკატსა და მსოფლიო ავიაციის უმსხვილესი ავიაკომპანია "Boeing"-ის შესაბამისობის სერთიფიკატს ფლობს", - განმარტავენ "საპარტნიორო ფონდში".

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ქარხანაში 120-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, რომლებმაც კვალიფიკაციის ასამაღლებლად გადამზადება ისრაელის კომპანია "ელბიტ საიკლონის" სპეციალისტებთან გაიარეს. სწავლება ეტაპობრივად გრძელდება. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ საწარმო სულ 300-მდე ადამიანს დაასაქმებს.

შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას საფუძველი "საპარტნიორო ფონდმა" ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-თან ერთად ჩაუყარა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი დოლარია. საუბარია საწარმოზე, რომელიც საქართველოში კომპოზიტური მასალებისგან სამოქალაქო თვითმფრინავების მაღალი სტანდარტის შესაბამის ნაწილებს, მათ შორის, თვითმფრინავის კარებებს, აეროდინამიკურ ზედაპირებს, საკონტროლო პანელებს და სხვა ნაწილებს ამზადებს. აღნიშნულ პროდუქციას საწარმო არამხოლოდ "Boeing"-ს, არამედ თვითმფრინავების მწარმოებელ ისეთ ცნობილ კომპანიებს მიაწვდის, როგორებიცაა: Airbus, Bombardier და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები