ტყავის მწარმოებელი კომპანია "ფილი მასკა" მაღალ საფასო სეგმენტზე გადასვლას გეგმავს და პროდუქციის საწარმოებლად მაღალი ხარისხის ნედლეულს გამოიყენებს, რასაც ამერიკაში და ევროპაში შეიძენს, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში "საქმის კურსი“ განაცხადა.
"2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, ჩვენ გაგვინახევრდა გაყიდვები და მოგების მარჟა დახლოებით 30%-ით შეგვიმცირდა. თვეში საშუალოდ 200 ტონა ტყავს ვაწარმოებთ, რადგან დამოკიდებული ვიყავით მხოლოდ შიდა რესურსზე და მაქსიმუმ სომხეთიდან თუ შემოგვქონდა ნედლეული. ეხლა ჩვენ გადავწყვიტეთ გავშალოთ ეს თემა და 200 ტონის ნაცვლად, 500 ტონა ტყავი გადავამუშაოთ. ამისთვის შემოვიტანთ უფრო მაღალი ღირებულების ნედლეულს ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, ევროპიდან. ამ თემაზე ვმუშაობთ აქტიურად, მართალია ეს ნედლეული 2-3 ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ქართული, მაგრამ ხარისხითაც ბევრად უკეთესია. მოთხოვნა მაღალ ხარისხიან ტყავზე არ შემცირებულა, შემცირდა დაბალხარისხიანზე და პირდაპირ დაგვარტყა ჩვენ", - განაცხადა ვახო ნიკოლაიშვილმა.
მისივე განმარტებით, მოქმედების ახალი სქემა, კომპანიას მოგების მარჟას არ გაუზრდის, მაგრამ გაიზრდება წარმოების მოცულობა.
"ფილი მასკა" 2009 წელს დაფუძნდა, მის მიერ წარმოებული პროდუქციის 90% იტალიაში იყიდება, დანარჩენი კი ესპანეთში, თურქეთსა და რუსეთში.

























