მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში წარმოებულმა მაკარონმა ბაზრის 20% დაიკავა - ქართულ-ევროპული მაკარონის ინდუსტრიის გეგმები

63a5f5048cfcc
ალა ისპირიანი
23.12.22 23:00
1341
ქართულ-ევროპული მაკარონის ინდუსტრია საქართველოში ცოტა ხნის წინ შეიქმნა და ადგილობრივი ბაზრის 20%-ის დაკავება უკვე შეძლო.

კომპანიის კომერციული დირექტორი გიორგი ბერიანიძე ამბობს, რომ ამჟამად შვიდამდე სახეობის მაკარონს აწარმოებენ, თუმცა არსებული ტექნიკა საშუალებას იძლევა, მათი რაოდენობა 15-მდე გაზარდონ.

როგორც მან გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, კომპანია წლიურად 2 500 ტონა მაკარონს სრულად ქართული ნედლეულით აწარმოებს.

„მიზნად ქართლი მაკარონის წარმოებას ვისახავთ. ვთანამშრომლობთ ქართველ ფერმერებთან, რომელთან ხორბალი მოჰყავთ. ამიერკავკასიაში არის უმსხვილესი წისქვილკომბინატი, რომელიც ამ ხორბალს იღებს, გადაამუშავებს და რომელი სტანდარტებიც მაკარონის წარმოებას სჭირდება, პროდუქტს იმ სტანდარტით გვაწვდის. წლიურად 2 500 ტონას ვაწარმოებთ, მაგრამ ჩვენი სიმძლავრეები გაცილებით მეტია და დაახლოებით 5 000 ტონის წარმოება შეგვიძლია“, - განაცხადა გიორგი ბერიანიძემ.

რაც შეეხება რეალიზაციის ბაზარს, მისი თქმით პროდუქცია ჯერ -ჯერობით მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, საქართველოში არსებულ ყველა ქსელში იყიდება.

„ამ ეტაპზე საცალო მიმართულებით უფრო მეტი გაყიდვები გვაქვს. საქართველოში ვურთიერთობთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ საბითუმო სავაჭრო ქსელთან, ასევე საცალო ქსელთან და მარკეტებთან. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ იმას, რაც ქართულ ბაზარზეა მოთხოვნადი. ახლა დაახლოებით 7 სახეობის პროდუქცია იწარმოება, რაც შეგვიძლია 15 სახეობამდე გავზარდოთ. ამის საშუალებას არსებული ტექნიკა იძლევა. ამ ეტაპზე ქართულ ევროპული მაკარონის ინდუსტრია იმ ქსელების დაკვეთას ასრულებს, რომელიც საქართველოში არსებობს. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი მაკარონის წილი 20%-ია. მაგრამ ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული პროდუქტი და დაახლოებით 40%-ის წილი დავიკავოთ.  ამ შედეგზე, რომ გავიდეთ დაახლოებით 1 წელი დაგვჭირდება“, - ამბობს გიორგი ბერიანიძე.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, კომპანია ქართული მაკარონის გატანას მათ შორის ევროპაშიც გეგმავს.

„დღევანდელი მონაცემებით ქვეყანაში იმპორტი აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან ხდება. ამ სეგმენტში ჩვენი პროდუქცია გარკვეულ კონკურენციას უწევს. საწარმო იმის საშუალებას იძლევა, რომ უკეთესი, ხარისხიანი პროდუქცია დავამზადოთ  და ნებისმიერ ევროპის ქვეყანაში გავიტანოთ. მთავარი ინგრედიენტი მაკარონისთვის ფქვილი და წყალია. ფქვილის მოწოდება ადგილობრივი ფერმერებისგან ხდება, რომელიც აბსოლუტურად ხარისხიანი პროდუქტია, რომელიც გარკვეულწილად იმპორტს ჩაანაცვლებს და კონკურენციას ნებისმიერი სეგმენტის იმპორტირებულ მაკარონს გაუწევს“, - განმარტავს იგი.

გიორგი ბერიანიძის თქმით, თანადამფუძნებლებთან ერთად ამ პროექტში მხარდაჭერა „აწარმოე საქართველოდან“ და საქართველოს ბანკისგან მიიღეს, რომელთა დახმარებითაც საწარმოს დანადგარებით აღჭურვა მოხდა. კომპანიის გამართვისთვის ჯამური ინვესტიცია კი 3 მილიონ ლარს აღემატებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები