მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველოში წელიწადში "მაკდონალდსის" 3-5 რესტორნის გახსნა იგეგმება

58dfc5633f15d
BM.GE
01.04.17 19:18
5511
"მაკდონალდს საქართველომ" თბილისში საერთაშორისო ლოგისტიკური ცენტრი გახსნა, რომელიც "მაკდონალდსის" რესტორნების რეგიონულ მომსახურებას უზრუნველყოფს, - თემაზე ’’საქმიან დილასთან“ ’’მაკდონალდსი საქართველოს“ გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე საუბრობს.

-ბატონო თენგიზ, ’’მაკდონალდსის“ ლოგისტიკური ცენტრი რაზეა გათვლილი, როგორ იქნება აღჭურვილი ?

-ხშირად, როდესაც ’’მაკდონალდსზე“ საუბრობენ, ძირითადად აქცენტირება აქვთ, ჰამბურგერზე ’’ფასთ ფუდზე’’ და ამ სისტემას ძალიან მარტივად უყურებენ. რეალურად ’’მაკდონალდსი“ არის აბსოლუტური სპექტრი ბიზნეს კონგლომერატის, რომელსაც სხვადასხვა პროფილები და აბსოლუტურად სხვადასხვა მხარეები აქვს ამ ბიზნეს გეგმის გასავითარებლად. ’’მაკდონალდსი“ ეს არის წარმოება, ლოგისტიკა, საკმაოდ ინტენსიური IT ტექნოლოგიები, რომელიც არ ჩანს და მთელი ჩვენი სამზარეულო ამ ტექნოლოგიებზეა აწყობილი, ეს არის სერვისი და ა.შ. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ლოგისტიკური ჰაბით, რომელიც ჩვენ ჩვენს სისტემას შევამატეთ, "მაკდონალდს საქართველო" ინტეგრირდება ’’მაკდონალდსის“ საერთო სისტემაში. ეს ჰაბი, რომელიც გუშინ გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტების ტექნოლოგიებით და იმ მოთხოვნებით არის აღჭურვილი, რომელიც ’’მაკდონალდს“ გააჩნია. რაც თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ვადასტურებთ, რომ საქართველოში ამ ჰაბის მეშვეობით შეგვიძლია ამ სტანდარტებით სხვა ქვეყნების და სხვა ’’მაკდონალდსის“ სისტემების მომარაგება დავიწყოთ. ამ ჰაბით ჩვენ თავისუფლად შევძლებთ ’’მაკდონალდსი აზერბაიჯანთან“ მომავალში ’’მაკდონალდსი სომხეთთან“ და ყაზახეთთან ურთიერთობას, რასაც ’’მაკდონალდსის“ სისტემა თავის მხრივ სხვა ეტაპზე გადაყავს, რადგან ეს ავტომატურად სწორ მწარმოებლებს ითხოვს, რომლებმაც ეს ჰაბი უნდა მოამარაგონ. დღეს ჩვენ იმპორტის რეჟიმში არსებული ჰაბი ვართ, მაგრამ ჩვენ ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობას იმაზე, რომ ადგილობრივმა წარმოებამ დააკმაყოფილოს ის სტანდარტები, რაც ’’მაკდონალდს“ აქვს, იმისთვის რომ ჩვენ ’’ქართული მაკდონალდსით“ სხვა სისტემების მომარაგება შევძლოთ. მთავარი ის არის, რომ ჩვენი ლოგისტიკური ცენტრი საერთო ’’მაკდონალდსის“ სისტემაშია ინტეგრირებული.

-პირველ ეტაპზე რა მასშტაბით არის დატვირთული და მისი რესურსის დაახლოებით რა წილი გამოიყენება?

-ეს ჰაბი 35 რესტორანზეა ორიენტირებული. ჩვენ მთავრობასთან შეთანხმება გვაქვს და როგორც კი 25 რესტორანზე ავალთ, ჩვენ ადგილობრივ წარმოებაზე ინტენსიური ფიქრი უნდა დავიწყოთ. ეს საწყობი არის პირველი ეტაპი. ნებისმიერ ქართულ პროდუქტს, რომელიც ჩამოყალიბდება, მას მერე აუცილებლად დისტრიბუცია უნდა ქონდეს, რომ სისტემაში მოხვდეს. შემდეგი ეტაპი არის ინტენსიური საუბარი პურ-ფუნთუშეულზე. ჩვენ ქართულ წარმოებას ჩამოვაყალიბებთ. საწყობი იმ მასშტაბზე არის ამ 35 რესტორანზე ორიენტირებული, რომ საჭიროების შემთხვევაში მოამარაგოს აზერბაიჯანი, ყაზახეთი და ა.შ. რესტორნის გახსნა ძალიან მარტივია, მთელი სირთულეები მერე მოდის, როდესაც უნდა მოამარაგო, სერვისი უნდა დაიჭირო, სათანადო ტრენინგი ჰქონდეს და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე რთული თემა ჩვენთვის ლოგისტიკა იყო, რადგან მომარაგება იმ სტანდარტებიდან გამომდინარე უნდა იყოს აწყობილი, რომელიც ამ ქსელს აქვს. ეს არის პირველი ეტაპი იმისთვის, რომ სომხეთმა რეალურად შეძლოს ოპერირება და მომავალში რესტორნები გახსნას. ძალიან რთული იქნებოდა ამ ყველაფრის არსებობა ამ ლოგისტიკური ჰაბის გარეშე.

-ადგილობრივი წარმოების ნედლეულის რამე წილს თუ იყენებთ დღეს და დაახლოებით რამდენია წილობრივად შემოტანილი და ადგილობრივი ნედლეული?

-’’მაკდონალდს“ ძალიან მკაფიო მოთხოვნები აქვს, რაც ხარისხის კონტროლთან არის დაკავშირებული, მისთვის მნიშვნელოვანია მისი მომხმარებელი და ყოვლად შეუძლებელია აქ კომპრომისზეა საუბარი. წარმოება და მოყვანა კიტრის, პომიდორის ან სალათის საკმარისი არ არის. მნიშვნენელოვანია, რომ სტანდარდი იყოს აღქმული, რომელსაც ’’მაკდონალდსი“ ითხოვს. ეს არის შიდა აუდიტი, ხარისხის კონტროლის აუდიტი და ამისთვის ბევრი რამე უნდა გაკეთდეს თვითონ ქარხნებსა და წარმოებებში, რომ ამ დონეზე მივიდეთ. ჩვენ ამაზე ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობას და ჩვენი სურვილია, რომ პურ-ფუნთუშეულის შემდეგ მინიმუმ 50% ადგილობრივ წარმოებაზე იყოს ორიენტირებული. პურ-ფუნთუშეულის წარმოების დანერგვას ალბათ დაახლოებით 12-16 თვე დასჭირდება. შემდეგი ეტაპი ფერმერებისგან სწორი პროდუქტის მოძიება და სწორი გარემოს ჩამოყალიბება იქნება, რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ თითოეულ პროდუქტთან როგორი შეხება იყო, როგორი შიდა ნედლეული იყო ჩადებული, რა გამოიყენეს მათ, რომ ეს პროდუქტი საბოლოოდ მომხმარებელთან მოხდეს და ა.შ.

-"მაკდონალდსის" ლოგისტიკური ცენტრის გახსნა რა გზავნილია?

-აქ საუბარია უკვე მთავრობასთან ურთიერთობაზე და იმაზე, რომ ჩვენ ისეთ გარემოს ვაყალიბებთ, რომელსაც მომავალში შეუძლია საერთაშორისო სისტემებს მოემსახუროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ სწორად მოახდინოს ინტეგრირება იგივე ფერმერებთან ურთიერთობით, იგივე რესტორნების გახსნებთან დაკავშირებით. აქ საგულისხმო და მნიშვნელოვანია ქართული ჰორეკაც, რადგან ამით ჩვენ სხვა დონეზე ავიყვანთ ურთიერთობებს, რომელიც მეტი გაჩნდა და აშკარად ფართოვდება. ადგილობრივი წარმოებაც ნელ-ნელა უნდა დაგვეწიოს. ჩვენ ექსპერტებთან ერთად მაქსიმალურად კარგად ავუხსნით ქართულ წარმოებებს რას ვითხოვთ. ეს შეიძლება იყოს ჭიქების წარმოება, პურ-ფუნთუშეული, მომავალში შესაძლოა ხორცის წარმოებაც იყოს და ა.შ.

-საქართველოს მასშტაბით როგორია თქვენი გეგმები?

-უშუალოდ ამ ჰაბზე ინვესტიციის თვალსაზრისით 2 მილიონი ევროა დახარჯული. ახალი რესტორნების გახსნებს რაც შეეხება, ქუთაისში იმედი გვაქვს, რომ ივნისის ბოლოს ახალ რესტორანს გავხსნით. ვცდილობთ რაც შეიძლება მალე გავხსნათ, რადგან რაგბის ახალგაზრდული ჩემპიონატი იქნება საქართველოში და ახალი ზელანდიის ნაკრები ქუთაისში ითამაშებს და ჩვენი სურვილია ნახონ, რომ ქუთაისიც ინტეგრირებულია საერთაშორისო რესტორნებით. გარდა ამისა, ჩვენ მომავალი წლიდან 3 წლიან კონტრაქტს გავაფორმებთ ’’მაკდონალდსთან“, სადაც სავარაუდოდ შევთანხმდებით, რომ წელიწადში 3-დან 5 რესტორნამდე გავხსნით. ჰაბის არსებობა ამას უკვე ითხოვს და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ყველაფერს წარმოება მოყვება. ჩვენ რესტორნები გახსნილი გავქვს ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში და მომავალ განვითარებაში კახეთიც მოისაზრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები