ქართველების 26%-ის აზრით, საქართველოში ხანგრძლივი დროით ყოფნა ყველაზე მეტად გერმანელებისთვისაა მიმზიდველი. ამის საპირისპიროდ, ხანგრძლივი ვიზიტით ყველაზე ხშირად, საქართველოს რუსები სტუმრობენ.
IPM კვლევის მიხედვით, ქართველები რეგიონში ყველაზე კრიტიკულად აფასებენ სხვებისთვის საკუთარი ქვეყნის სასურველობას. გამოკითხულთა 21%-ის აზრით, საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ცხოვრების/მუშაობის/სასწავლო მიზნით გადმოსვლისთვის სასურველი ქვეყანა არ არის. თავის ქვეყანაზე ასე ფიქრობს აზერბაიჯანელების 16 და სომხების 15%.
ყოველი მეოთხე რუსი, ასევე, ფიქრობს, რომ რუსეთი არც ერთი ქვეყნის მოქალაქისთვის არ არის საინტერესო ქვეყანა სასწავლო/სამუშაო მიზნებისთვის და საცხოვრებელი ადგილის საძიებლად.
აზერბაიჯანელებს მათი ქვეყანა ყველაზე მეტად თურქი მოქალაქეებისთვის მიაჩნიათ. სომხების შეფასებით კი, სომხეთი განსაკუთრებით მიმზიდველი გერმანელი (34%), რუსი (30%), ფრანგი (28%) და ამერიკელი (28%) მოქალაქეებისთვის უნდა იყოს.
ქართველების აზრით, ამ კუთხით საქართველო ყველაზე საინტერესო გერმანელებისთვის (26%) და ამერიკელებისთვისაა (22%). მათივე შეფასებით, ჩვენი ქვეყანა ფრანგებისთვის (18%) და ბრიტანელებისთვისაც (17%) საკმაოდ მიმზიდველია მუდმივი/დროებითი ცხოვრების, სამუშაო ან სასწავლო მიზნებისთვის.
მიგრაციის საკითხთა ეროვნული კომისიის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში შემოსულ იმიგრანტთაგან მხოლოდ 1,5% იყო აშშ-ს მოქალაქე, ხოლო გერმანელი იმიგრანტების რიცხვი კიდევ უფრო მცირე იყო.
საქართველოს 2017 წლის მიგრაციის პროფილის მიხედვით, საქართველოს საზღვარს ყველაზე ხშირად მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები კვეთდნენ. მათგან ყველაზე მეტი რუსი (26%), თურქი (15%) და სომეხი (14%) ვიზიტორები იყვნენ.

























