მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყვავილები 20-30%-ით გაძვირდა - მიზეზები

640481c3b4ad3
ლიკა მეგუთნიშვილი
05.03.23 17:15
1706
საქართველოში ყვავილების ბიზნესი, ფაქტობრივად, სრულად იმპორტზეა დამოკიდებული. პანდემიის, შემდგომ კი რუსეთ-უკრაინის ომის გამო მიწოდების ჯაჭვის დარღვევამ, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკური ხარჯების ზრდამ საქართველოში ყვავილების რეალიზატორებისთვის ხარჯების მატება განაპირობა, რაც თავისთავად პროდუქციაზეც აისახა და ყვავილების ფასის საშუალოდ 20-30% ზრდა განაპირობა.

„2022 წლის დასაწყისში, ტრანსპორტირების გაძვირებამ ყვავილებზე ფასის ზრდა განაპირობა. თუ კი, 2021 წელს ერთი ვარდი ღირდა 9 ლარი, წლის ბოლოს მისი ფასი 10 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ახლა, დღესასწაულებისთვის, ისევ და ისევ გაზრდილი ხარჯის გამო გვიწევს, რომ მისი ღირებულება 11 ლარამდე გავზარდოთ“, - აცხადებს ყვავილების მაღაზია „ამელის“ თანადამფუძნებელი, ნუკა ჩოხელი.

„გამომდინარე იქიდან, რომ იმპორტზე ვართ დამოკიდებული, საერთაშორისო მოვლენების გამო, მოგვიწია ფასების კორექტირება. დაახლოებით, 20-30%-ით გაძვირდა პროდუქცია. მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობთ, მომხმარებელს მოვერგოთ და მათზე მორგებული ფასი შევთავაზოთ“, - აღნიშნა ყვავილების მაღაზია „Lovely Roses” PR მენეჯერმა, მარიამ დონგუზაშვილმა.

გარდა პროდუქციის გაძვირებისა, ყვავილების მაღაზიათა წარმომადგენლები, პროდუქციის მიწოდების პრობლემაზეც საუბრობენ. როგორც „Mao Flowers”-ის დამფუძნებელი, მაკუნა გაბუნია BMG-სთან განმარტავს, ბიზნესისთვის პროდუქციის დროული ტრანსპორტირება მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა.

„გვიძვირდება პროდუქტი ყოველწლიურად და ამავდროულად ტრანსპორტირებაც პრობლემა ხდება. შემომტანებს უჭირთ ხოლმე კონკრეტული ვარდის მოწოდება. ასევე მუდმივად არის, დაგვიანება, ვერ ჩამოსვლა. შესაბამისად, გვიწევს მომხმარებლებთან ახსნა, თუ რატომ არ გვექნება ესა თუ ის ყვავილი. რაც შეეხება ფასებს, ფაქტობრივად 4-ჯერ არის გაზრდილი. იზრდება როგორც ვარდის, ასევე სხვა ყვავილების ღირებულებაც, რაც მომხმარებელთა ქცევას ცვლის. მაგალითად, თუ გასულ წლებში ასვარდიან თაიგულებზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო, წელს ეს ნაკლებადაა, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი ვარდი კოლოსალურად გაძვირდა", - აცხადებს მაკუნა გაბუნია.

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი რაოდენობის ყვავილი შემოვიდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, გასული წლის განმავლობაში ყვავილების იმპორტის ღირებულება 2021 წლის მაჩვენებელს 34.3%-ით აღემატებოდა, ხოლო მოცულობა 36.9%-ით გაიზარდა. საერთო ჯამში ქვეყანაში 3 მლნ დოლარის ღირებულების 1 203 ტონა ყვავილები და მათი კოკრები შემოვიდა. იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს სომხეთი, საიდანაც გასულ წელს, 1 მილიონ 200 ათასი დოლარის ღირებულების, 432 ტონა ყვავილი შევიძინეთ, რეიტინგის ხუთეულში კი, დარჩენილ ადგილებს ეკვადორი, ნიდერლანდები, თურქეთი და კენია ინაწილებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები