საქართველოს ეკონომიკის სექტორებს შორის ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასები განათლების სისტემაშია.
2018 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, განათლების სისტემაში კონტრაქტით (ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული) ადამიანის საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 586 ლარს შეადგენს. ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით, აღნიშნული ხელფასი მხოლოდ 21 ლარით არის გაზრდილი.
საქსტატი ამ სტატისტიკის აღრიცხვას 2007 წლიდან ახდენს, გასული 11 წლის განმავლობაში განათლება ყოველთვის ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადი სექტორი იყო.
საშუალო ხელფასები საქმიანობის სახეების მიხედვით:
განათლება - 586 ლარი თვეში;
სოფლის მეურნეობა - 702 ლარი თვეში;
სასტუმროები, რესტორნები - 906 ლარი თვეში;
კომუნალური და სოციალური მომსახურების გაწევა - 913 ლარი თვეში;
დამამუშავებელი მრეწველობა - 960 ლარი თვეში;
ჯანდაცვა - 985 ლარი თვეში;
ვაჭრობა - 1028 ლარი თვეში;
სახელმწიფო მმართველობა - 1320 ლარი თვეში;
ენერგეტიკა - 1329 ლარი თვეში;
სამთომომპოვებელი მრეწველობა - 1359 ლარი თვეში;
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1402 ლარი თვეში;
მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა - 1482 ლარი თვეში;
მშენებლობა - 1721 ლარი თვეში;
საფინანსო საქმიანობა - 2354 ლარი თვეში.
რაც შეეხება საშუალო ხელფასის მაჩვენებელს, 2018 წლის მესამე კვარტალში ის 1125 ლარი იყო. საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.4 ლარით მეტია.
შენიშვნა: აღნიშნული სტატისტიკა მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასებიდან არის შემდგარი, შესაბამისად, ის არ მოიცავს ინფორმაციას, იმ ათასობით ადამიანის საშუალო შემოსავლის შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ სექტორში არაფორმალურად, კონტრაქტის გარეშე მუშაობენ ან წარმოადგენენ თვითდასაქმებულებს.