2018 წლის განმავლობაში საქართველოს მილსადენებით ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს - 9.03 მილიარდ მეტრ კუბს მიაღწია.
ზრდა პირველ რიგში 2018 წლის 12 ივნისს, ტრანსანატოლიური მილსადენის - TANAP-ის გახსნას უკავშირდება, რის შედეგადაც საქართველოზე გამავალი სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) ახალაშენებულმა ხაზმა დაიწყო ოპერირება.
საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის მონაცემებით, შაჰ-დენიზის მილსადენის დატვირთვამ 7.13 მილიარდი მეტრ კუბი შეადგინა, რუსეთ სომხეთის დამაკავშირებელი მაგისტრალური მილსადენის დატვირთვა კი 1.93 მილიარდი მეტრ კუბი იყო.
განახლებულ მილსადენს ყოველწლიურად 20 მილიარდი მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივი აირის გატარება შეუძლია. მისი სრული სიმძლავრით დატვირთვა უახლოეს წლებში მოხდება.
TANAP-ის გაფართოების პროექტით, TAP-ით, ანუ ტრანსადრეატიკული მილსადენით, კასპიური ბუნებრივი აირი იტალიას და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს მიეწოდება.
"სამხრეთ-კავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის“ ღირებულება, დაახლოებით $4.9 მილიარდია. მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე განსახორციელებელი მშენებლობების ღირებულება $2 მილიარდს უტოლდება.
რა მოცულობის ბუნებრივი გაზის მიღების უფლება ექნება საქართველოს ახალი მილსადენის მეშვეობით?
პროგნოზის თანახმად, „შაჰ-დენიზის“ საბადოს II ფაზის ათვისების შემდეგ 2019-2020 წლიდან, ქვეყნისათვის ხელმისაწვდომი „ოფციური“ და „დამატებითი“ გაზის ჯამური მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება - წლიურად 1.2 მილიარდი მეტრ კუბი, ხოლო პერსპექტივაში - წლიურად 1.6 მილიარდ მეტრ კუბამდე. შედეგად, არსებული მოწოდების ხელშეკრულების გათვალისწინებით, „სოციალური“ სექტორის მთლიანი მოთხოვნა 2026 წლის ჩათვლით დაკმაყოფილებული იქნება (2026 წლის შემდეგ წყდება „სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან“ „შაჰ-დენიზის“ საბადოს „დამატებითი“ გაზის ხელშეკრულება, რაც მისი ჩანაცვლების უზრუნველყოფას მოითხოვს).
საქართველო, აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ საბადოს ათვისების პირველი ფაზის ფარგლებში, გაზს იღებს „სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან“ (ცნობილია, როგორც „ბაქო-თბილისი-ერზრუმი“) ე.წ. „ოფციურ“ და „დამატებით“ გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე. „ოფციური“ გაზის მოცულობა ყოველწლიურად განისაზღვრება აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მოცულობის მიხედვით. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2068 წლამდეა განსაზღვრული. დამატებითი გაზის მოცულობა ფიქსირებულია და ხელშეკრულების საფუძველზე (მოქმედების ვადა - 2026 წლამდე) ქვეყანაში წლიურად 500 მილიონი მეტრ კუბი უნებრივი გაზი შემოდის. „ოფციური“ და „დამატებითი“ გაზის მყიდველად საქართველოს მთავრობის მიერ ნომინირებულია სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ (სნგკ), რომელსაც აღნიშნული გაზის ყიდვა- გაყიდვაზე გაფორმებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები.
2016 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული ბუნებრივი გაზის წილმა საქართველოს მთლიან მიწოდებაში - 59%, „შაჰ-დენიზის“ საბადოდან მიღებულმა - 35%, „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის მაგისტრალური გაზსადენით“ ტრანზიტის მომსახურების საფასურად მიღებულმა მოცულობამ - 5% შეადგინა.

























