მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველში წარმოებული კარები, შესაძლოა, ექსპორტზე აშშ-ში გავიდეს

6298c1573901e
თელარა გელანტია
03.06.22 00:31
1500
კომპანია „მეგადორსის“ წარმოებული კარები ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტისთვის ემზადება. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა რაულ გაბაიძემ განუცხადა.

მეწარმე პარტნიორის ვინაობას, ჯერჯერობით, არ ასახელებს, მაგრამ ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენელი რამდენიმე დღეში თბილისში ჩამოდის.

„4 ივნისს ველოდები აშშ-დან სტუმარს. ექსპორტთან დაკავშირებული ყველა საკითხი გავლილია. ჩვენი კარების ნიმუშები ნახეს, მოეწონათ და ახლა უკვე ადგილზე უნდა დავათვალიერებინოთ სრული პროდუქცია. ვფიქრობ, გარკვეული საექსპორტო პროცედურების გავლის შემდეგ, 2-3 თვეში აშშ-ში ექსპორტს დავიწყებთ“, - განაცხადა მეწარმემ „რედაქტ2“-თან ინტერვიუში.

დღეს, ქართულ ბაზარზე „მეგადორსის“ წარმოებული კარების ფასი 580 ლარიდან იწყება და 2000 ლარამდე ადის. აშშ-ში პროდუქციის საექსპორტო ფასი კი, მეწარმის თქმით, 130-140 დოლარის ფარგლებში იქნება.



Bm.ge-ს კითხვას - დაახლოებით, რამდენი კარი გავა აშშ-ში ექსპორტზე ყოველთვიურად - ბიზნესმენი პასუხობს, რომ მოთხოვნა მაღალია და მთავარია, საკმარისი რაოდენობის კარები აწარმოონ.

„თვეში 500-დან 1000 ერთეულ კარს ვაწარმოებთ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც 1200 კარიც გვიწარმოებია, მაგრამ ჩვენი მთავარი გამოწვევა მუშა ხელია. მართალი გითხრათ, უკვე არ ვიცი, რა მოვიფიქრო, როგორ გავუჩინო ადამიანებს მოტივაცია, რომ იმუშაონ. მზად ვართ, ადგილზე ვასწავლოთ კიდეც და ამ პროცესშიც სტიპენდიის სახით 500 ლარს ვუხდით, მაგრამ ინტერესი მაინც დაბალია“, - ამბობს მეწარმე.

მიუხედავად გამოწვევებისა, რაულ გაბაიძეს იმედი აქვს, რომ 10-15 ადამიანის მოძიებას შეძლებს, რაც წარმადობის გაზრდისთვის სჭირდებათ.

ამჟამად საწარმოში 35 ადამიანია დასაქმებული, მათი ხელფასი 1500-დან 1800 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის: „მეგადორსმა“ ფუნქციონირება 2017 წლიდან დაიწყო. კარების მწარმოებელი კომპანია სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები