პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის მიღებას გეგმავს, რაც „საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო გადაყვანების ხარჯების მთავრობის მიერ დაფინანსებას გულისხმობს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „საქართველოს რკინიგზამ“ სატრანსპორტო პოლიტიკის მმართველ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უკვე გადაუგზავნა.
კანონპროექტი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ეფუძნება, რომლის N1370 დირექტივის მიხედვით, თუ სარკინიგზო სისტემაში არსებული მიმართულებები მომგებიანი არ არის, მაშინ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა სახელმწიფომ უნდა დაფაროს. ამ რეგულაციის დასანერგად, როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ განმარტავენ, საქართველოს მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს ვადა.
„საქართელომ იკისრა ვალდებულება, რომ რამდენიმე ევრორეგულაცია დანერგოს, მათ შორის არის 34-ე რეგულაცია, რომელიც მკაცრად განსაზღვრავს, რომ სამომავლოდ სარკინიგზო სფეროში მოქმედი კომპანიები, ან ერთეულები უნდა მუშაობდნენ კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე. ეს დათქმა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ სამომავლოდ სარკინიგზო ინდუსტრიაში სამგზავრო ოპერატორიც ანალოგიურად უნდა სარგებლობდეს და მისი ხარჯების დაფინანსება უნდა ხდებოდეს არა სატვირთო ოპერატორის მიერ, არამედ - ე.წ public service obligation-ის ფარგლებში, რაც გულისხმობს საჯარო მომსახურების ვალდებულებას“, - განაცხადა BM.GE-სთან საუბრისას „საქართველოს რკინიგზის“ კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ზაზაშვილმა და დასძინა, რომ ე.წ public service obligation ამ ხარჯების სახელმწიფოს მხრიდან დაფარვის ვალდებულებას გულისხმობს.
მას შემდეგ, რაც ეკონომიკის სამინისტრო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის განხილვას დაასრულებს, დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის, რომელსაც საშემოდგომო სესიაზე მისაღები კანონპროექტების ჩამონათვალში „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტი ჩანიშნული აქვს.