"საქკაბელმა" მიმდინარე წელს (სექტემბრის ჩათვლით) პროდუქციის წარმოება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით 40%-ით გაზარდა, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, ედიშერ მამალაძემ განუცხადა. მისი განმარტებით, ეს პროდუქციის ასორტიმენტისა და ექსპორტის ზრდამ განაპირობა. "საქკაბელი“ 40 სახეობის კაბელს აწარმოებს. კომპანიის მიერ გამოშვებული პროდუქციის 20% ექსპორტზე, დანარჩენი კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ექსპორტი სომხეთში ხორციელდება, რაც წელს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
როგორც ედიშერ მამალაძე აცახადებს, კომპანიამ პროექტის "აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სესხი აიღო და გასულ წელს კაბელების საიზოლაციო მასალების წარმოება დაიწყო, რაც აქამდე იმპორტით შემოჰქონდათ. შესაბამისად, კაბელების წარმოებისთვის საჭირო ნედლეული ადგილობრივმა ნაწარმმა ჩაანაცვლა. კომპანიის სიახლეა ცეცხლმედეგი კაბელების წარმოებაც, რაც უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს.
"დავიწყეთ ცეცხლმედეგი კაბელის დამზადება, რომელიც გამოიყენება ელექტროგადამცემის ხაზების მონტაჟისთვის სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე სახლებში, ანუ იქ სადაც ხანძრის დროს კვამლის გავრცელების საშიშროებაა მომატებული. აღნიშნული კაბელები ცეცხლმედეგია და არ იწვევს კვამლის გავრცელებას, ის ხანძარ უსაფრთხოების 41 სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს, სწორედ ამისთვისაა გამოგონებული და მთელი ევროპა უკვე მაგას იყენებს. პროდუქციას ჯერ-ჯერობით ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, თუმცა უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მისი ექსპორტის მიზნით", - განაცხადა ედიშერ მამალაძემ.
მისი განმარტებით, ასორტიმენტის გაზრდა სამომავლოდ კიდევ იგეგმება, რადგან ბაზრის მოთხოვნები მუდმივად იზრდება და სურთ ამას მომზადებულები შეხვდნენ.
"ყოველ ორ წელში ერთხელ საწარმოში ახალ დანადგარებს ვამატებთ და პროდუქციის ასორტიმენტს ვაფართოვებთ, ასევე ვაახლებთ ნედლეულს, რომელიც ბელგიიდან, გერმანიიდან, ჰოლანდიიდან და რუსეთიდან შემოგვაქვს. წელს "საქკაბელის“ კუთვნილმა ლაბორატორიამ აკრედიტაცია გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰარმონიზაციაში მოდის ევროპულ სტანდარტებთან. 2019 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული აკრედიტაციის ცენტრი ევროპულ მარკირებას მიიღებს, რაც შემდეგ ჩვენზე გავრცელდება. ასევე ვმუშაობთ "CE -მარკირებაზეც", რაც სამომავლოდ ევროპაში ჩვენი პროდუქციის ექსპორტში დაგვეხმარება", - განაცხადა ედიშერ მამალაძემ Bm.ge-სთან საუბრისას.
"საქკაბელი" საქართველოს ბაზარზე 1958 წლიდან ფუნქციონირებს, 2016 წელს საწარმოს საბოლოო გადაიარაღება მოხდა და ის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. კომპანიაში 6-7 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული. საწარმოში 200 -მდე ადამიანია დასაქმებული.