საქართველოს პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი კურორტ თეთნულდის განვითარებასთან დაკავშირებით მის გეგმებზე არ საუბრობს. დეპუტატმა „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას საკუთარ გეგმებზე საუბარი მომავლისთვის გადადო.
მისი თქმით, საკუთარ ხედვებზე ისაუბრებს მას შემდეგ, რაც თანამდებობაზე ოფიციალურად დაინიშნება.
„თეთნულდთან დაკავშირებით ჩვენ ვილაპარაკებთ მაშინ, როცა დავინიშნები. პირველი თქვენ მოგცემთ ინტერვიუს. მე მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო, ვისაც გაუხარდა ჩემი დანიშვნა, ვისაც არ გაუხარდა - „საქმემან შენმან გამოგაჩნოს““,- აცხადებს სოსო ჯაჭვლიანი.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მთის კურორტების განვითარების კოპანიაში ახალი სახელმწიფო შპს-ს შექმნაზე რამდენიმე კვირის წინ განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა მაშინვე აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ სახელმწიფო „შპს“ დაფუძნდება და მას ამჟამინდელი პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.
კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა მუშაობს კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმაზე, იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში მენეჯმენტის გაძლიერება.

























