სტატისტიკური მონაცემებით, დღეს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს მეწარმე ქალები ასრულებენ. აღნიშნული სეგმენტი უამრავი მიმართულებით საჭიროებს მხარდაჭერას. მათი გაძლიერებისთვის კი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, პროფესიული ცოდნისა და უნარების გაღრმავება და საზოგადოებაში სწორი ადაპტაციით, მათი ცნობადობის კოეფიციენტის გაზრდაა.
სწორედ ამ მიზნით ჩამოაყალიბეს PR სპეციალისტებმა: ანა ჩანგიანმა და ნინა პერტენავამ ორგანიზაცია „კრავაი“. ორგანიზაციის დამფუძნებლები მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების, დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე, თვლიან, რომ დღეს საქმიანი ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დროის მოკლე მონაკვეთში იმ ცოდნისა და ინფორმაციის მიღებაა, რაც მათ წარმატების მიღწევაში, მოტივაციის ამაღლებასა და განვითარებაში შეუწყობს ხელს.
როგორც ანა ჩანგიანი განმარტავს, ორგანიზაციის ფარგლებში, PR-ისა და კომუნიკაციების სპეციალისტებმა შეიმუშავეს კონკრეტული სამოქმედო კონცეფცია, რომლის საშუალებითაც, „კრავაი“ საქმიან ქალებს სწორედ ამ მომსახურებებსა და სხვა პროფესიულ ინსტრუმენტებს შესთავაზებს.
„დაახლოებით, 1-წლიანი მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, როგორც კომპანიებთან, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ სანდოობის კოეფიციენტის გასაზრდელად, პერსონალური ბრენდინგი ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ნათლად გამოჩნდა ისიც, რომ ბიზნესის მართვის მენეჯმენტი მეწარმეებს ხშირ შემთხვევაში, არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ დროის მოკლე მონაკვეთში დაგეგმონ, ძალიან მალე მიიღონ საჭირო ინფორმაცია და სწრაფად მოახერხონ იმ უნარების შეძენა, რომლებიც ბიზნესისა და პერსონალური ბრენდინგის მართვისთვისაა საჭირო. ეს გამოწვევა განსაკუთრებით აქტუალურია ქალი მეწარმეების შემთხვევაში. იქიდან გამომდინარე, რომ მათი დატვირთვა ძალიან მაღალია და ბიზნესის გარდა, მათ პერსონალური მიმართულებების გაძლიერება სჭირდებათ, ჩვენი მიზანი მათთვის დროის მოკლე მონაკვეთში ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებაა. იმ ინფორმაციის, რომელიც ამ სეგმენტისთვისაა აქტუალური,“ - აღნიშნავს ანა ჩანგიანი.
მართალია, „კრავაი“ ფუნქციონირებას თბილისში იწყებს, თუმცა ორგანიზაციის მიზნობრიობა მხოლოდ თბილისის არეალით არ შემოიფარგლება. ანა ჩანგიანის განმარტებით, მათ მკაფიოდ აქვთ ჩამოყალიბებული რეგიონებში ქალთა გაძლიერების მიმართულება, რომელიც არა მხოლოდ ერთჯერადი ლექციებით, არამედ ტრენინგების გრძელვადიანი კურსებითაც იქნება წარმოდგენილი.
აღსანიშნია, რომ ტრენინგები და მასტერკლასები არ არის ის ერთადერთი ფორმა, რითიც „კრავაი“ საკუთარ აუდიტორიასთან ექნება ურთიერთობა. ორგანიზაციაში არიან მოწვეული სპეციალისტები როგორც ბიზნესის მართვის, ასევე PR და კომუნიკაციის მიმართულებით. შესაბამისად, სწორედ მათი ჩართულობით მოხდება ინდივიდუალური სტრატეგიული ანალიზის, შეფასებებისა თუ რეკომენდაციების გაცემა ქალი მეწარმეებისთვის.
ეს იქნება ერთგვარი სახელმძღვანელო, რომლის წყალობითაც, მათ ექნებათ შესაძლებლობა, მართონ და გააძლიერონ ის მიმართულებები, რომლებიც ბიზნესის წარმატებისთვის არის მნიშვნელოვანი.
ალბათ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება ის ფაქტიც, რომ ახალ ორგანიზაციას, საქმიანი ქალების მხარდაჭერის გარდა, მნიშვნელოვანი სოციალური დანიშნულებაც ექნება. პროფილური საქმიანობის პარალელურად, „კრავაი“ აქტიურად აპირებს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქალებისთვის მნიშვნელოვანი პროექტებისა და კამპანიების განხორციელებას. ანა იმედოვნებს, რომ წლის ბოლოსთვის ისინი შეძლებენ პირველი ასეთი პროექტის განხორციელებას, რომელიც სოციალურად დაუცველი ქალებისთვის, ე.წ. მეორადი სპეციალობის მისაღებად, სასწავლო კურსების დაფინანსებას და მათ შემდგომ დასაქმებაში დახმარებას გულისხმობს.
რაც შეეხება „კრავაის“ გუნდის პროფესიულ კვალიფიკაციას, ორგანიზაცია იმ სპეციალისტებს აერთიანებს, რომლებსაც, ამ კუთხით, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნინა პერტენავა 20 წელზე მეტია, რაც ამ სფეროშია და მისი გამოცდილება უამრავ წარმატებულ „ქეისს“ ითვლის PR-ის, პერსონალური განვითარების, პერსონალური ბრენდინგის და „იმიჯმეიკინგის“ მიმართულებით.
ნინა აშშ-ში, ერთ-ერთ წამყვან PR სააგენტოში მუშაობდა. შემდეგ საქართველოში დააფუძნა კომპანია „პერიტუს გრუპი“, რომელიც საკმაოდ წარმატებით არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე როგორც ტრენინგების, ასევე სტრატეგიული PR-ისა და იმიჯის მიმართულებით.
„საქართველოში, ბიზნესის ცნობადობის კუთხით, პერსონალურ ფაქტორზე ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, ადამიანები მხოლოდ კომპანიებს არ იცნობენ. აუცილებელია, ამ კომპანიებს საზოგადოებაში კონკრეტული პერსონა წარადგენდეს. მომხმარებლის ნდობასაც ჯერ პერსონები იმსახურებენ და შემდეგ - კომპანიები. სხვადასხვა სტერეოტიპის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში რატომღაც ითვლებოდა, რომ ქალს შეძლებოდა ბიზნესი არ გამოსვლოდა, თუმცა დრომ გვაჩვენა, რომ ქალი ძალიან კარგად ერგება ტურბულენტურ გარემოს და ადაპტაციის კარგი უნარი აქვს. ამიტომ, გაგვიჩნდა სურვილი, რომ იმ ადამიანებს, ვინც გამოიჩინეს ნიჭიერება საქმეში და შეძლეს ბიზნესის ფეხზე დაყენება, დავეხმაროთ იმ სხვადასხვა უნარის გაძლიერებაში, რომელიც პერსონალურად მათი და ასევე, მათი ბიზნესის წარმატებისთვისაა საჭირო. ჩვენი ახალი წამოწყება სწორედ ქალი მეწარმეების საზოგადოებისთვის საუკეთესო კუთხით ჩვენებას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ მუშაობის ამდენწლიანი გამოცდილება გვაქვს, ყოველთვის ვსწავლობთ და არასდროს ვჩერდებით. ჩვენ მიერ შეძენილ ახალ ცოდნას კი, აუცილებლად გადავცემთ და გავუზიარებთ ჩვენს მეწარმეებს,“- აღნიშნავს ნინა პერტენავა.
წარმატებული სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი საქმის იურიდიული მიმართულების ორგანიზებაა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ხშირ შემთხვევაში, ფუფუნების საგანია. „კრავაის“ მიზანს საქმიანი ქალებისთვის ამ კუთხით ხელშეწყობაც წარმოადგენს. იურიდიულ მიმართულებას ორგანიზაციაში სალომე ჯოჯუა უხელმძღვანელებს, რომელიც უკვე 22 წელია, იურისტად მუშაობს, აქვს საკუთარი იურიდიული საკონსულტაციო კომპანია და აქტიურად არის ჩართული არა მხოლოდ ქალი მეწარმეების, არამედ, ზოგადად, ქალების გაძლიერებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მიმართულებით მათი ინტეგრაციის პროცესში.
„საქართველოში და არამხოლოდ ჩვენთან ესა თუ ის სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება. ადამიანებს უჩნდებათ აუცილებლობა, რაც შეიძლება სწრაფად აუწყონ ფეხი ახალ ცვლილებებს, თუმცა, სამწუხაროდ, ყველას არ აქვს წვდომა შესაბამის ინსტრუმენტებზე. ქალი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქტისა და მათი პერსონის საზოგადოებაში წარმოჩენის გარდა, ბიზნესის წარმატებისთვის აუცილებელია, მათ შეძლონ ადაპტირება იმ ცვლილებებთან, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე გვაქვს კანონმდებლობაში. მაგალითად, სრულად შეიცვალა მეწარმეთა შესახებ კანონი, რაც, მართალია, ხელმისწავდომია, თუმცა იურისტი გჭირდება. ამის საშუალება კი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ხშირად არ აქვთ. ჩვენ გვინდა, შევთავაზოთ მათ სივრცე, სადაც ისინი მიიღებენ იურიდიულ კონსულტაციებს და გაიმარტივებენ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას,“ - ამბობს სალომე ჯოჯუა.
ორგანიზაცია „კრავაის“ პრეზენტაცია 19 თებერვალსაა დაგეგმილი.

























