საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე საუბარი წლებია მიდის, თუმცა არსებული გამოწვევების ფონზე ე.წ MICE ტურიზმის განვითარება ვერ ხდება. გამოწვევებს შორის დარგის ექსპერტები პირდაპირი ფრენების ნაკლებობას და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმართაობას ასახელებენ.
ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ირმა კოდუა ამბობს, ბოლო პერიოდში დედაქალაქში მიმდინარე სატრანსპორტო რეფორმის გამო მნიშვნელოვნად გართულდა თბილისში საქმიან შეხვედრებზე ჩამოსული სტუმრების გადაადგილება.
მისი თქმით, საქმიანი ვიზიტები მცირე ისედაც მცირე დროით ხორციელდება, გადატვირთული გრაფიკის მიხედვით მისი წარმართვა კი არსებული საცობების პირობებში რთულია.
“თბილისში ვაწყდებით ლოგისტიკურ პრობლემებს, იქიდან გამომდინარე რომ მიმდინარეობს საგზაო მარშრუტების რეორგანიზაცია გვიჭირს სტუმრების გადაადგილება, რაც ასევე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, საქმიანი ტურიზმის განვითარებისთვის, იმიტომ რომ უნდა შევძლოთ ამ ხალხის მობილურად დროულად კონკრეტულ ადგილზე მიყვანა. თუ გვაქვს ჩვენ საუბარი MICE ტურიზმზე სტუმრები 3-4 ღამით ჩამოდიან, ანუ შენ გაქვს 4 დღე რომ ადამიანს აჩვენო ქალაქი, ჩაატარო საქმიანი შეხვედრები, დაუგეგმო საღამოები, ვახშმები. გადაადგილებას მნიშვნელოვანი დრო ენიჭება, რომ არ ამოვვარდეთ დადგენილი გრაფიკიდან”, - ამბობს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი ირმა კოდუა.