მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქმიანი რუსეთის" საბჭოს წევრი და "რუსი ქართველების" დამფუძნებელი - რას საქმიანობს სანქცირებული ფარცხალაძე?

ყოფილი პროკურორი

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქმიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს, ასევე "კომუნისტური კავშირის" წევრია.

"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„საქმიანი რუსეთის“ ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემულია ინფორმაცია ფარცხალაძის საქმიანობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ის არის სახალხო მოძრაობა "რუსი ქართველების" დამფუძნებელი და ლიდერი. წერია, რომ ფარცხალაძე რუსეთსა და საქართველოს შორის მრავალი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის და კონფერენციის ორგანიზატორია. ასევე, მან ხელი შეუწყო რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას და უვიზო მიმოსვლას.

აქვე ნათქვამია, რომ ის ავითარებს რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ყველა შესაძლო ბიზნეს და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს, ორ ქვეყანას შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების შემდგომი აღდგენის მიზნით ყველა იმ ბიზნესპროექტით, როგორიცაა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენა. ასევე, ავითარებს ფინანსურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას BRICS+-ის წევრ ქვეყნებს შორის.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ფარცხალაძემ მოსკოვში დააფუძნა სპეციალური საშუამავლო კომპანია BIZAVI, რომელიც BRICS-ის ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში გასაყიდი ბიზნესების შეძენას სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები