ამის შესახებ BM.GE-სთან საუბრისას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორმა ზურაბ გელენიძემ განაცხადა.
"ჩვენ ხშირად გვიხსენებია, რომ ,,საქნახშირს’’ GIG ჯგუფისთვის ძირითადად სოციალური დატვირთვა აქვს. ლიცენზიის მიღებიდან კომპანიაში ჩვენს მიერ განხორციელებული ინვესტიციების ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით, 90-100 მილიონი ლარი შეადგინა. მხოლოდ უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ბოლო 2 წლის განმავლობაში დაახლოებით, 13 მილიონი ლარი იქნა ინვესტირებული. ამავდროულად, მსხვილი იყო ,,საქნახშირის’’ როლი , როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის კონტრიბუტორის. ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში იმავე პერიოდში დაახლოებით, 70 მილიონი ლარის ოდენობით გადასახადი იქნა გადახდილი.
თითქმის მთელი ამ დროის განმავლობაში კომპანიას უარყოფითი ფინანსური შედეგი ჰქონდა, რაც გარკვეულწილად კიდევ უფრო გამძაფრდა 2011-12 წლის შემდგომ, როდესაც ბაზარზე ნეგატიური ეკონომიკური ტენდენცია გაჩნდა. რაც შეეხება კომპანიის ზარალიანობას, ეს არათუ ჩვენ მიერ დეკლარირებული განცხადებაა, არამედ ეს არის დამოწმებული საერთაშორისო აუდიტის მიერ.
კომპანია, მენეჯმენტი, აქციონერი, ჰოლდინგი განიხილავს რამდენიმე ალტერნატივას, რომელიც გულისხმობს როგორც საქმიანობის შეზღუდვას, გაჩერებას, ისე შემდგომი ინვესტიციების კიდევ უფრო გაფართოებას იმისათვის, რომ მიღწეული იქნას შრომის უსაფრთხოების გაცილებით მაღალი დონე და ამავდროულად მეტნაკლებად გარანტირებული იქნას მომგებიანობა. ამისთვის ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოსთან ერთობლივად რაღაც გარკვეული დღის წესრიგი უნდა შევიმუშავოთ და თანამშრომლობის ფორმატზე ჩამოვყალიბდეთ'', - განაცხადა ზურაბ გელენიძემ

























