"საქნახშირთან დაკავშირებით ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ"
მაია ბიწაძე
11.06.18 15:24
• 657
საქართველოს ბაზრიდან კომპანია ,,საქნახშირის“ შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავჯდომარე რომან კაკულია ,,საქმიანი დილის“ ეთერში გამოეხმაურა.
""საქნახშირთან" დაკავშირებით ოქროს შუალედი ძნელი საპოვნელია, ჩვენ უნდა შევხედოთ რა უფრო პრიორიტეტულია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ძალიან დიდი პრობლემაა უმშევრობა და თუ რა დაუჯდება ეს ადამიანებს. ამიტომ, აქ სხვა გამოსავალი არ არსებობს, ჩვენ ეს ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ, ასეთია ჩემი რეკომენდაცია და ჩემი ჩართულობის მოტივაციაც ამ საქმეში ასეთი იქნება", - განაცხადა რომან კაკულიამ.
შეგახსენებთ, რომ შპს ,,საქნახშირი'' , რომელიც ტყიბულში ქვანახშირს მოიპოვებს, ბაზრიდან გასვლას არ გამორიცხავს. ამის შესახებ BM.GE-სთან საუბრისას საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორმა ზურაბ გელენიძემ განაცხადა.
,, კომპანია, მენეჯმენტი, აქციონერი, ჰოლდინგი განიხილავს რამდენიმე ალტერნატივას, რომელიც გულისხმობს როგორც საქმიანობის შეზღუდვას, გაჩერებას, ისე შემდგომი ინვესტიციების კიდევ უფრო გაფართოებას იმისათვის, რომ მიღწეული იქნას შრომის უსაფრთხოების გაცილებით მაღალი დონე და ამავდროულად მეტნაკლებად გარანტირებული იქნას მომგებიანობა. ამისთვის ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოსთან ერთობლივად რაღაც გარკვეული დღის წესრიგი უნდა შევიმუშავოთ და თანამშრომლობის ფორმატზე ჩამოვყალიბდეთ'', - განაცხადა ზურაბ გელენიძემ.