საქართველოში საქონლის ხორცზე საბითუმო ფასების ეტაპობრივი ზრდაა მოსალოდნელი. დარგის სპეციალისტების პროგნოზით, საფასო ცვლილება ნოემბრის ბოლოდან დაიწყება და თებერვლამდე პერიოდში ჩასაბარებელ წონაზე მატება დაახლოებით 1-დან 2 ლარამდე იქნება.
„აგროქიზიყის“ დამფუძნებლის, ბექა გონაშვილის განმარტებით, აღნიშნული ტენდენცია ბაზრისთვის უცხო არ არის და იგი რამდენიმე ძირითადი ფაქტორით, მათ შორის სეზონური დეფიციტითა და იმპორტზე დამოკიდებულებით არის განპირობებული.
„წლის ამ მონაკვეთში ფასის მატება ადგილობრივი ბაზრის კანონზომიერებას წარმოადგენს. ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში ფერმერები, რომლებსაც ნასუქი საქონელი ჰყავთ, პროდუქციის გაყიდვისგან თავს იკავებენ, რათა რეალიზაცია საახალწლო პერიოდში, იანვარში უკეთესი მარჟით განახორციელონ. შესაბამისად, ბაზარზე მიწოდების დროებითი ნაკლებობა იქმნება.
ამას ემატება იმპორტის შეფერხებებიც, რაც ფასების ზრდის დამატებითი წანამძღვარია. თუმცა, უშუალოდ საახალწლო დღეების შემდგომ, როდესაც მიწოდება პიკს აღწევს, ფასები დროებით იკლებს, ხოლო თებერვლიდან, ხელახალი დეფიციტის ფონზე, საბითუმო ღირებულება ისევ იმატებს და ჩასაბარებელ წონაზე 25-ლარიანი ნიშნულიდან ეტაპობრივად 1–2 ლარით იზრდება.
რაც შეეხება ღორს, ღორის ხორცის ფასი არ შეცვლილა. მე ვფიქრობ, პოტენციალი აქვს კიდეც, რომ შედარებით დაიკლოს კიდეც, იმიტომ რომ რუსეთში მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემა აქვთ და ფასები ძალიან დავარდნილია. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ფასები ღორის ხორცზე დაიკლებს“, - განაცხადა გონაშვილმა.
სექტორის წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ იმპორტირებულ პროდუქციასა და რეგიონულ გამოწვევებზეც. ბოლო პერიოდში ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებიდან ცოცხალი საქონლისა და გაციებული ხორცის შემოსვლა გაიზარდა, რაც ადგილობრივ ბაზარზე მკვეთრი ფასნამატის შეკავებას უზრუნველყოფს.
„ჩვენი ბაზარი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მეზობელი ქვეყნების იმპორტზე, სადაც პოლიტიკური და ლოგისტიკური სიტუაცია სწრაფად ცვალებადია. განსაკუთრებით საყურადღებოა საერთაშორისო ბაზრებზე საწვავისა და მარცვლეულის გაძვირება. მიმდინარე წელს რეალიზაციის სირთულეებისა და დაბალი ფასების გამო, ბევრმა ფერმერმა, როგორც საქართველოში, ისე ძირითად მომწოდებელ ქვეყნებში, ვერ შეძლო ნათესი ფართობების სათანადოდ დამუშავება. მარცვლეულის მოსავლის მოსალოდნელი შემცირება და წარმოების გაძვირება უახლოეს 1.5–2 წელიწადში ხორცპროდუქტების ფასზე კიდევ უფრო კატასტროფულად აისახება. ამას ემატება ის გლობალური ტენდენციაც, რომლის მიხედვითაც მოზარდი საქონლის დეფიციტი მთელ მსოფლიოში შეინიშნება, რაც სექტორს ახალი გრძელვადიანი გამოწვევების წინაშე აყენებს.“ - აღნიშნავს გონაშვილი.
























