საქორწილო მომსახურების ცენტრი DRESSCODE, რომელიც ბაზარზე 10 წელია ოპერირებს და მომხმარებელს საქორწინო კაბებსა და აქსესუარებს სთავაზობს, ფართოვდება.
როგორც საქორწილო მომსახურების ცენტრის დამფუძნებელმა, ხათუნა დოჭვირმა BM.GE-სთან განაცხადა, ამ ეტაპზე საგამოფენო სივრცეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან, მომხმარებელს ორ სართულზე განთავსებულ საგამოფენო სივრცეს, ამასთან საქორწილო კაბების ახალ კოლექციებს შესთავაზებს.
მისი ინფორმაციით, სივრცის გასაახლებლად, ჯამში 50 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებენ.
„გარდა სივრცის გაფართოებისა, წელს ფეხსაცმლის ხაზისა და მეჯვარის კაბების დამატებას ვგეგმავთ. ახალი მიმართულებები მარტის თვიდან უნდა ამოქმედდეს.
ფეხსაცმლის ხაზის დამატება, თურქ დიზაინერებთან კოლაბორაციის შედეგად განხორციელდება და სწორედ თურქეთიდან მოხდება საქორწილო ფეხსაცმელების იმპორტი.
ამასთან, ელექტრონული კომერციის მიმართულებითაც გავაქტიურდით. Ozon-ზე ვართ წარმოდგენილი, რომელიც რუსეთის, ყაზახეთის და კიდევ სხვა ბაზრებს ემსახურება. უნდა აღვნიშნო, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ახალ წელს ამ სეგმენტში პირველად შევედით, გაყიდვები წარმატებულად მზარდია. იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე ახლები ვართ, საბაზრო ფასთან შედარებით, ვებგვერდზე ჩვენი კაბები დაახლოებით 20%-ით ნაკლებ ფასად იყიდება,“ - აცხადებს დოჭვირი და დასძენს, რომ კომპანიას აშშ-დან, იტალიიდან და სომხეთიდან შემოთავაზებები აქვს, რათა ამ ქვეყნებში მათი წარმომადგენლობა ჩავიდეს.
რაც შეეხება გასულ წელს, დოჭვირის შეფასებით, 2023 წელი გაყიდვების მიმართულებით სტაბილურად მზარდი იყო და ფასები არ დაუკორექტირებიათ. მათი მომხმარებლების 60% ადგილობრივი მოსახლეობა, ხოლო 40% უცხოელები არიან.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს DRESSCODE-მა აქსესუარების მწარმოებელ კომპანია, atabata-სთან დაიწყო თანამშრომლობა და მომხმარებლებს ადგილზე აქსესუარების შეძენაც შეუძლიათ.