მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქორწინო ტურიზმის ხელშეწყობისთვის, VIVAAH WEDDING-ს მთავრობამ მეორე ხელშეკრულება გაუფორმა

ქორწილი ინდოეთი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქორწინო ტურიზმის ხელშეწყობისთვის მუშაობას აგრძელებს. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქორწილების მიმართულებით საქართველოს პოპულარიზებისთვის VIVAAH WEDDING PARTIES ORGANIZING-ს უკვე მეორე კონტრაქტი გაუფორმა. მთავარი სამიზნე ბაზარი ინდოეთია.

დუბაიში რეგისტრირებულ კომპანიასთან 10 თებერვალს 286 691 დოლარის ერთწლიანი ხელშეკრულება, მანამდე იგივე კომპანიასთან 592 613 დოლარის ხელშეკრულება გაფორმდა იგივე მიზნით - საქართველოს პოპულარიზება ქორწილების მიმართულებით.

2026 წლის იანვარში გაფორმებული კონტრაქტით, ტურიზმის ადმინისტრაცია მარკეტინგულ სარეკლამო მომსახურებას, სამ ეტაპად ერთი წლის განმავლობაში მიიღებს. ხელშეკრულების დანართების თანახმად, სარეკლამო ღონისძიებები ძირითადად საქორწინო მიმართულებით საქართველოს პოპულარიზებას ეხება. ღონისძიებები დუბაისა და ინდოეთის სამ ქალაქში გაიმართება: მუმბაიში, დელიში და აჰმედაბადში. კიდევ ერთი ღონისძიების ჩატარება იგეგმება დუბაიში.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების ღირებულება როგორც მომსახურების, ასევე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით გაწეულ ყველა ხარჯს მოიცავს.

ახალი კონტრაქტით კი, რომელიც 10 თებერვლით თარიღდება, ღონისძიებისთვის სხვადასხვა მომსახურებას მათ შორის კინო და ვიდეო მომსახურებას ყიდულობს.

VIVAAH WEDDING-ი ქორწილების დაგეგმვისა და ორგანიზების წამყვანი კომპანიაა, რომელიც კლიენტებს სთავაზობს ქორწილთან დაკავშირებით ყველა ტიპის მომსახურებას: ადგილის შერჩევას, გადაღებას, საქორწილო დეკორაციებს და სხვა სახის მომსახურებას. ასევე საკმაოდ ფართოა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც როგორც საიტზე ვკითხულობთ, კომპანია ქორწინების ცერემონიას აორგანიზებს.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში BMG-ის უთხრეს, რომ ინდოეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარია. ადმინისტრაცია ინდოეთიდან საქართველოში მასშტაბური ღონისძიებების, მათ შორის ქორწილების ჩასატარებლად სპეციალურ კამპანიას ატარებს. მათი განმარტებით, კამპანიის მიზანია ქართულმა კერძო სექტორმა მიიღოს პირდაპირი ეკონომიკური სარგებელი მაღალბიუჯეტური ღონისძიებების მასპინძლობით.

"პროექტის ფარგლებში, საქართველოში, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ინდურ კომპანიებთან მსხვილი, მაღალშემოსავლიანი ღონისძიებები უკვე დააკონტრაქტეს.

ასეთი ტიპის მსხვილ ღონისძიებებში ჩართულია სტუმარმასპინძლობის სფერო: სასტუმროები, კვების ობიექტები, სერვისის მიმწოდებლები და ა.შ. რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტული სექტორის შემოსავალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კამპანიის მთავარი მიზანია, ინდოეთიდან მაღალმხარჯველი, ორგანიზებული ჯგუფების მოზიდვა და საქართველოს პოზიციონირება, როგორც დანიშნულების ადგილის, რომელსაც შეუძლია მსხვილი ღონისძიებების მასპინძლობა.

საქორწილო მიმართულება ერთ-ერთი ახალი, საინტერესო მიმართულებაა, რისთვისაც საქართველოს განიხილავენ როგორც ახალ დანიშნულების ადგილს. ეს არის ტურისტული პროდუქტი, როდესაც მოკლე ვადებში დიდი ოდენობით ჯგუფები ორგანიზებულად ჩამოდიან და გამოირჩევიან მაღალმხარჯველობით.

გასულ წელს ახალი მიმართულებების განვითარების მიზანშეწონილობაზე საუბრობდა კვლევითი და საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart. კომპანიის 2025 წლის ორი კვარტლის კვლევაში აღნიშნულია, რომ ინდოეთის ბაზრის მასშტაბის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია უფრო მაღალმხარჯველი სეგმენტის მოზიდვა. მნიშვნელოვანია, საქმიანი და ღონისძიებებზე ორიენტირებული ვიზიტების - კონფერენციების, ფორუმების, ქორწილების - უფრო მეტად წახალისება", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.

რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ინდოეთი საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების ათეულშია შესული და ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. 2025 წელს ინდოეთიდან საქართველოში 142,476 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წელთან შედარებით 14.6%-ით მეტია. ინდოელ ვიზიტორებს ახასიათებთ ხანგრძლივი მოგზაურობა, საშუალოდ 11 ღამით რჩებიან საქართველოში.

"საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2025-2026 წლებში ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. კამპანია რამდენიმე ეტაპად არის დაყოფილი და გულისხმობს მსხვილი ინდური კომპანიებისთვის პრეზენტაციების ჩატარებას, საქართველოში გაცნობითი ტურების მოწყობას, როგორც წამყვანი ინდური ტურისტული კომპანიებისთვის, ასევე მედია ორგანიზაციებისა და ინფლუენსერებისთვის. კამპანია მოიცავს ორმხრივ ბიზნეს შეხვედრებს, რომლის ფარგლებშიც ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ ინდოელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ, კონტრაქტები გააფორმონ და ერთობლივი ტურისტული პაკეტები შეიმუშაონ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები ასევე მოიცავს ქართული კერძო სექტორისთვის ინდურ ბაზარზე ადაპტირების მიზნით ტრენინგების ჩატარებას. ონლაინ ტრენინგები და ვებინარები უკვე ჩაუტარდა 600-მდე ტურისტული კომპანიისა და მედიის წარმომადგენლებს.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში ინდოეთის 25 მედიის წარმომადგენლისათვის გაცნობითი ტური მოეწყო. საქართველოს ეწვია ქორწილების ორგანიზატორი 15-მდე კომპანიის წარმომადგენელი, ასევე 6 ტურისტული კომპანია.

ინდოეთის უმსხვილეს ქალაქებში საქართველოს შესახებ როუდშოები ჩატარდა, სადაც 19 ქართული კომპანია, 320 ინდური ტურისტული კომპანია და მედია ორგანიზაცია მონაწილეობდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებშიც. 2025-2026 წლებში, მუმბაის OTM Mumbai ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ჯამურად 80-მდე ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმრო იყო წარდგენილი", - აცხადებენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები