თანამედროვე ეპოქაში, სადაც ინტერნეტი ფართოდ გამოყენებადია, საავტორო უფლებათა დარღვევა ინტერნეტ პლაგიატის სახით გვევლინება. საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის მექანიზმებს ითვალისწინებს, თუმცა, კერძოდ ინტერნეტზე მითითება კანონის მე-14 მუხლში არ არის. თემაზე საქპატენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გოგილიძე საუბრობს
- რა ეტაპზეა პროექტზე მუშაობა და აღნიშნული პროექტი ინტერნეტ სივრცეში საავტორო უფლებებს როგორ და რა სახით დაარეგულირებს?
-ამ ეტაპზე ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული გვაქვს საკანონმდებლო პროექტი, რომლის შემდგომი ეტაპიც ამ კანონის კერძო სექტორთან დეტალური განხილვა იქნება. ჩვენ რამდენიმე შეხვედრა კერძო სექტორთან უკვე გვქონდა პრინციპებთან დაკავშირებით, თუ რა პრინციპები იქნებოდა აღნიშნულ კანონმდებლობაში გათვალისწინებული. ახლა უკვე კონკრეტული კანონმდებლობა გვაქვს, რომლის მუხლებსაც გავივლით და ჩვენი მიზანია, რომ ეს კანონი ქმედითი და იმ ადამიანებისთვის იყოს მისაღები, ვისაც ეხება და უნდა აღასრულოს. თუ კერძო სექტორის მხრიდან რამე ისეთი საკითხი დადგება, რომელიც გასათვალისწინებელი იქნება, რა თქმა უნდა, გავიზიარებთ.
-ინტერნეტ პროვაიდერები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ შეხვედრები უფრო ინტენსიური და მათი ჩართულობა მაქსიმალური უნდა იყოს, იმიტომ რომ აღნიშნული კანონი პირდაპირ მათ ეხება..
-ჩვენ ერთი თვის განმავლობაში, წინა თვეში ორჯერ შევხვდით მათ უცხოელ ექპერტებთან ერთად. დატვირთვას რაც შეეხება, ეს არის კანონმდებლობა, რომელიც პროვაიდერს არჩევანის საშუალებას აძლევს. ეს კანონი სერვისპროვაიდერებს არაფერს არ ავალდებულებს. აქ საუბარია შემდეგზე: როდესაც ინტერნეტში საავტორო უფლებების დარღვევა ხდება, პასუხისმგებელი არის, როგორც პიროვნება, რომელმაც ინტერნეტ სივრცეში ეს კონტნტენტი უკანონოდ ატვირთა, ასევე ის, ვინც მიაწოდა ეს კონტენტი კონკრეტულ მომხმარებელს. კანონმდებლობა სერვის პროვაიდერებს არჩევანის უფლებას აძლევს. თუ კი იგი უფლების მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე შეზღუდავს წვდომას იმ კონკრეტულ უკანონო პროდუქციასთან, ასეთ შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა საავტორო უფლებების დარღვევის მიმართ აღარ დადგება. ეს მისი გადასაწყვეტია. თუ არ შეზღუდავს ის ისეთივე მოპასუხე იქნება სასამართლო პროცესზე უფლების მფლობელის წინაშე.
-აღსრულების მექანიზმებზე ინტერნეტ პროვაიდერს არჩევანი აქვს დაბლოკოს ან არ დაბლოკოს, ამ შემთხვევაში რა ბერკეტი აქვს საქპატენტს?
-არავითარი, ეს მხოლოდ და მხოლოდ კერძო საკითხი, კერძო დავაა. საქპატენტი ამ შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანო ინიციატივით გამოდის, რომ საკანონმდებლო ბერკეტი შემოიტანოს და იგი უფლების მფლობელს ხელში მისცეს. ეს ჩვეულებრივი სამოქალაქო დავაა, სადაც უფლების მფლობელს საშუალება ექნება, რომ ზიანის ანაზღაურება და უფლებების დამრღვევი ქმედებების შეწყვეტა, როგორც ამტვირთავისგან, ასევე სერვის პროვაიდერისგან მოითხოვოს. სისტემა შეიქმნება, რომლის მიხედვითაც დადგენილი ფორმით განხორციელდება მიმართვა სერვის პროვაიდერზე და სერვის პროვაიდერი თვითონ გადაწყვიტავს რა ქნას შემდეგში, შეზღუდოს წვდომა კონკრეტულ პროდუქტზე თუ არ შეზღუდოს.
-შეხვედრებზე, რომლებიც უკვე გაიმართა, კერძო სექტორის მხრიდან რა შენიშვნები იყო?
-ძირითადი საკითხი კერძო სექტორიდან ტექნიკურ ნაწილთან იყო დაკავშირებული, რამდენად ტექნიკურად განხორციელებადი ეს ყველაფერი და ტექნიკურად ამის განხორციელება რა ხარჯებს მოითხოვს. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენს საერთაშოირისო პარტნიორებთან აქტიურად ვმუშაობთ. ამ ყველაფერს ჩვენ კერძო სექტორთან დეტალურად გავივლით. მათ, რა თქმა უნდა, გარკვეულ დროს მივცემთ იმისთვის, რომ თავიანთი ტექნოლოგიები გადააწყონ ისე, რომ ეს შესაძლებელი გახდეს და ამასთან ერთად, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თავიანთი ტექნიკური უზრუნველყოფის განახლებაში გარკვეულწილად დავეხმაროთ. მესმის, რომ შესაძლოა ერთჯერადად ეს ძალიან დიდ ხარჯთან იყოს დაკავშირებული და სწორედ ამიტომაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ მათ ეს ხარჯი შევუმსუბუქოთ.
-ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის რა იცვლება?
-ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ის იცვლება, რომ მას საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოების გარკვეული საფასურის გადახდა მოუწევს. მომართვა ყველას შეუძლია, საავტორო უფლებები ყველა ქვეყანაში დაცულია ნაწარმოების შექმნის მომენტიდან. როგორც ქართველ ავტორს შეუძლია აშშ-ში უფლებების დაცვა მოითხოვოს, ასევე ამერიკელ ავტორს შეუძლია საქართველოში მოითხოვოს და ა.შ. რამდენად მოითხოვს ეს მისი საქმეა და ამ ყველაფერს რა ფორმით განახორციელებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მხოლოდ აკრძალვის კუთხით არ ვმუშაობთ, არამედ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პლატფორმებთან, რომ მათ საქართველოში ამ ყველაფრის ლეგალური ალტერნატივა ხელმისაწვდომი გახადონ და არ მოხდეს ისე, რომ ხვალ უკანონო პროდუქცია აიკრძალოს და კანონიერი არ იყოს. Netflix უკვე არის, რაც გულისხმობს იმას, რომ ძალიან მისაღებ თანხად დაახლოებით თუ არ ვცდები 10 თუ 15 ლარია თვეში Netflix პაკეტის გამოწერა.
-რამდენად მასშტაბური იყო პრობლემა?
-პრობლემა ძალიან დიდია. ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობისას ასევე როგორც, სხვა საერთაშორისო სახელმწიფოებთან ურთიერთობისას გარკვეული გეგმა გვაქვს და მას მივყვებით არა მხოლოდ ინტელექტუალურ საკუთრებაში, არამედ სხვა დარგებშიც, რომელიც შემდგომში პირდაპირ ქვეყნის რეიტინგებზე აისახება ამა თუ იმ სფეროში. ინტელექტუალურ სფეროში ძალიან ბევრი რამ გამოვასწორეთ და დღემდე მკაფიოდ, თვალში მოსახვედრია ის, რომ 100 %-მდე პროდუქცია ჩვენს ინტერნეტ სივრცეში პირატულია და ამის წინააღმდეგ ეფექტური ბერკეტები არ არსებობს, რომ ეს სიტუაცია თვითონ უფლების მფლობელმა შეცვალოს. სახელმწიფოს არ შემოაქვს სადამსჯელო ბერკეტი სახელმწიფოს ხელიდან, იგი უფლების მფლობელს მექანიზმეს აძლევს, რომელსაც თუ გამოოიყენებს თავის უფლებებს დაიცავს და თუ არ გამოიყენებს ეს უკვე მასზეა დამოკიდებული. ყველაფერი ეს, ქართული ბაზრისთვის კეთდება, რომ ქართველების უფლებები დაცული იყოს.

























