მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქპატენტი: სიგარეტის სტანდარტიზებული შეფუთვა ბიზნესს შემოსავლების და კონკურენციის მიმართულებით პრობლემებს შეუქმნის

5915679715df3
სალომე მეცხვარიშვილი
12.05.17 11:48
2916
საქპატენტის თავმჯდომარე "თამბაქოს შესახებ კანონში" დაგეგმილი ცვილებების გამო, რომელიც ყველა სიგარეტის ერთნაირ შეფუთვას ითვალისწინებს, გარკვეულ რისკებს ხედავს. ნიკოლოზ გოგილიძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ თუ ყველა სიგარეტი ერთნაირ კოლოფში იქნება განთავსებული, მომხმარებელი ვეღარ შეძლებს ბრენდების გარჩევას, რაც ბიზნესში კონკურენციის მიმართულებით პრობლემებს შექმნის. კერძოდ, სიგარეტის ინდუსტრია აღარ დახარჯავს თანხებს მარკეტინგისთვის, რამდენადაც მათი ბრენდის გარჩევა სხვა ბრენდებისგან შეუძლებელი იქნება, ეს კი ნიშნავს, რომ შემოსავლები ბიზნესსაც დააკლდება.

"თუ მე არ ვეწევი რაც უნდა ლამაზი იყოს შეფუთვა, არ მოვწევ და თუ ვეწევი, სილამაზეს კი არ აღვიქვამ, აღვიქვამ იმ ბრენდს, რომელიც მინდა, რომ შევიძინო. თუ ერთ ბრენდს ვერ ვარჩევ მეორისგან ეს ნიშნავს, რომ კონკურენციის ნაწილში პრობლემა იქმნება. თუ მე გამიჭირდა Marlboro-ს და Davidoff-ის გარჩევა ერთმანეთისგან, ამ კომპანიების მიერ განხორციელებულ მარკეტინგულ ქმედებებს ეკარგება აზრი. თამბაქოს ინდუსტრია საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს მარკეტინგში. თუ ჩვენ სასაქონლო ნიშნებს ავკრძალავთ, ფულს, რომელსაც რეკლამაში იხდიან აღარ გადაიხდიან და ამ ბიზნესაც დააკლდება შემოსავლები",- აცხადებს ნიკოლოზ გოგილიძე.

მისი თქმით, სტანდარტიზებული შეფუთვის შესახებ იდეა ევროკავშირში წამოვიდა იმ რეგულაციის შემდეგ, რომ სიგარეტი არ უნდა იყოს მიმზიდველი. თუმცა, გოგილიძე განმარტავს, რომ რეგულაციაში არ არის გაწერილი ყველა ბრენდის სტანდარტიზებული შეფუთვა.

"ეს ყველაფერი დაიწყო ევროკავშირის რეგულაციით, რომელშიც ცალსახად მითითებული არ არის, რომ მაინცდამაინც ერთნაირი შეფუთვა უნდა იყოს, უბრალოდ, იქ ნათქვამია, რომ არ უნდა იყოს მიმზიდველი. ჩანაწერი „"მიმზიდველი არ უნდა იყოს" აპრიორი არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა იყოს ზედ დატანილი. ეს რეგულაცია მხოლოდ 4 ქვეყნის მიერ არის იმპლემენტირებული, ესენია: ირლანდია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფოს სამი ქვეყანა და ავსტრალია. დანარჩენი სახელმწიფოები ერიდებიან ამ რეგულაციის მიღებას და განხილვები აქვთ",- აცხადებს ნიკოლოზ გოგილიძე.

მისი თქმით, სტანდარტიზებული შეფუთვის თემა დღეს მსოფლიოში აქტიურად განხილება, თუმცა, ერთიანი გადაწყვეტილება თემაზე მიღებული არ არის.

"ერთი მხრივ, ისინი, ვინც სტანდარტიზებულ შეფუთვას ლობირებენ, ამბობენ, რომ სიგარეტი არ უნდა იყოს მიმზიდველი და მეორე მხრივ, დგას ინტელექტუალური საკუთრების პრობლემა. სასაქონლო ნიშანი არ არის ესთეტიკის ფუნქციის მქონე ობიექტი, ეს არის ობიექტი, რომელითაც მეწარმემ უნდა განასხვავოს თავისი საქონელი სხვა საქონლისგან. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პროდუქცია დაშვებულია და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია დაშვებულია თამბაქოსთვის, რა აზრი აქვს რეგისტრაციას, თუ ჩვენ მეწარმეს პარალელურად ვეუბნებით, რომ მას ვერ გამოიყენებს.

სასაქონლო ნიშნის ფუნქცია არ არის, რომ სიგარეტის მოწევა დავაწყებინო არამწეველს, სასაქონლო ნიშნის ფუნქცია არის, რომ მწეველს გავუადვილო არჩევანი“,- აცხადებს ნიკოლოზ გოგილიძე.

მისივე ინფორმაციით, სასაქონლო ნიშნების სპეციალისტების საერთო მოსაზრებაა, რომ მსგავსი რეგულაციის შემოღება პანდორას ყუთს გავს, რადგანაც ხვალ შეიძლება კიდევ სხვა პროდუქციაზე გავრცელდეს.

"ამას გარკვეული ეფექტი ექნება ჩვენზეც, რადგანაც მოიკლებს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია თამბაქოს ინდუსტრიიდან. როგორც სასაქონლო ნიშნების სპეციალისტები ამბობენ, ასეთი რამის დაშვება არის პანდორას ყუთი, რადგანაც თუ დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ სიგარეტი არის ჯანმრთელობისთვის მავნე და უნდა ავკრძალოთ სასაქონლო ნიშნები სიგარეტზე, ხვალ შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ალკოჰოლი, სწრაფი კვებაა მავნე და მივიდეთ იქამდე, რომ პროდუქციის უმრავლესობაზე აიკრძალება სასაქონლო ნიშნის დატანა",- აცხადებს ნიკოლოზ გოგილიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან შესაძლებელია სიგარეტის სტანდარტიზებული შეფუთვა ამოქმედდეს. ეს ნიშნავს, რომ კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების პარალელურად, ბრენდის წარწერა დაშვებული იქნება მხოლოდ ქართული ასოებით და სტანდარტული შრიფტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები