ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21,5%-ით გაიზარდა და 21,1 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 10,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 19,5%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2017 წლის IV კვარტალში მთლიანი ბრუნვის 44,3% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 21,7% - საშუალო, ხოლო 34,0% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 38,8%, საშუალოზე - 25,3%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 35,9%.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წლის IV კვარტალში 15,6 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20,5%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 9,7 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20,1 %-ით მეტი). 2017 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 660,1 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,3%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალია, ხოლო 59,9% - კაცი.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35,7% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,4% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 629,9 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 7,7%-ით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2367,5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,6 %-ით მეტი). 2017 წლის IV კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1241,5 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 111,1 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 909,3 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 90,3 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
მსხვილი ბიზნესი – 1270.0 ლარი,
საშუალო ბიზნესი – 1378.6 ლარი,
მცირე ბიზნესი – 1132.7 ლარი.
2017 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 47,3% მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა - 11,2%-იანი წილით, შემდეგ მოდის მშენებლობა - 9,7%- იანი წილით, ხელოვნება, გართობა და დასვენება 9,1%-იანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,4%-იანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3,9%- იანი წილით, ხოლო დარჩენილი 12,4% კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

























