„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიმდინარე წელს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ მეთოდოლოგიაზე გადავა, რაც ეროვნულ ანგარიშებში მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს. მათ შორის საუბარია ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების გამოკვლევაზე, რაც თოდრაძის თქმით, ეროვნული ანგარიშების ხარისხს გააუმჯობესებს.
„ეკონომიკის გარკვეულ ნაწილს წარმოადგენს ჩრდილოვანი ეკონომიკა ანუ აღურიცხავი ეკონომიკა. შესაბამისად ამ აღურიცხავი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების მიზნით ჩვენ უკვე დავიწყეთ ამ ზაფხულს რამდენიმე მნიშვნელოვანი დარგის შეფასება და გამოკვლევა.
ეს გახლავთ კვლევები სოფლის მეურნეობის დარგში დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების მიზნით, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ბევრად მეტი შეიძლება იყოს აღურიცხავი ეკონომიკის ალბათობა. მეორე მშენებლობის სექტორში, მესამე სასტუმროების და რესტორნების სექტორში და გარდა ამისა შუალედური მოხმარების კვლევა უნდა ჩავატაროთ ყველგან, სადაც ყველა ინსტიტუციურ სექტორს მოიცავს“-აცხადებს bm.ge-თან გოგიტა თოდრაძე.
გარდა ამისა, იგეგმება არალეგალური საქმიანობის შედეგების ეროვნულ ანგარიშებში ასახვა. ეს არის პროსტიტუცია და ნარკომანია, რომლის შეფასებას „საქსტატი“ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით მოახდენს.

























