მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქსტატი FDI-ის დაკორექტირების მიზეზებს ასახელებს

5aabb644c3208
თელარა გელანტია
16.03.18 16:18
1900
საქსტატის საგარეო ვაჭრობისა და უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის სამმართველოს უფროს ლიკა ძებისაურის განმარტებით, პირდაპირი ინვესტიციების მონაცემთა დინამიკური მწკრივების გადახედვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეკომენდაცია იყო.

საქმე იმაშია, რომ გადასინჯივის პოლიტიკის შემდეგ, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2007 წელს საქართველოში არა 2 მლრდ 14 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, არამედ მილიარდ 758 მლნ-ის და აღმოჩნდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ FDI-ის „რეკორდული მაჩვენებელი“ არა - 2007 წელს, არამედ 2017 წელს დაფიქსრდა - მილიარდ 861 მლნ დოლარი.

როგორც საქსტატში განმარტავენ, აღნიშნული რეკომენდაცია IMF-ის ექსპერტმა 2016 წლის ნოემბერშა გასცა და ამ რეკომენდაციის თანახმად, პრიორიტეტულ ქმედებად საქსტატის და ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისობაში მოყვანა განისაზღვრა.

საქმე იმაშია, რომ საქსტატი FDI-ს წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან 70-ე დღეს, ხოლო ეროვნული ბანკი კი საგადასახდელო ბალანსს, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია FDI, აქვვეყნებს 90-ე დღეს. უცხოური ინვესტიციების მეთოდოლოგია ორივე უწყებას აქვს იდენტური, მაგრამ როგორც საქსტატში აცახდებენ, ინფორმაციის გამოქვეყნების ვადების განსხვავების გამო, საქსტატის და ეროვნული ბანკის მონაცემები არ ემთხვეოდა ერთმანეთს - ეროვნულს უფრო ზუსტი მონაცემი ჰქონდა და თან საქსტატისგან განსხვავებით, სებ-ს გადასინჯვის საშუალება აქვს, ხოლო სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას მხოლოდ წლიური მონაცემების გამოქვეყნებისას აკორექტირებდა.

„სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენი და ეროვნული ბანკის მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვეოდა“, - განაცხადეს საქსტატში.

BM.ge-ის კითხვაზე - ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არ გასცა რეკომენდაცია, რატომ არ დააკორექტირა საქსტატმა მონაცემები თუ მას არ ჰქონდა გადახედვის უფლება, მთავარ სტატისტიკურ უწყებაში შემდეგი პასუხი გაგვცეს:

„ჩვენი გავრცელების პოლიტიკა ითვალისწინებდა კვარტალური მონაცემების წლიური მონაცემებით ჩასწორებას. რა თქმა უნდა, კონკრეტულ პერიოდების მიხედვით, ახალი წაყროებიდან მიღებული ინფორმაციები ჩანიშნული გვქონდა და ველოდებოდით მომენტს, როცა ისტორიული მწკრივების გადახედვა მოგვიწევდა“, - განმარტავენ საქსტატში.
როგორც ლიკა ძებისაურმა განაცხადა, მათ იციან, მაგრამ ვერ დაასახელებენ იმ კონკრეტულ უცხოურ კომპანიებს, რომელთა მონაცემების გადასინჯვის შედეგად აღმოჩნდა, რომ 2007 წელს 265 მლნ დოლარით ნაკლები უცხოური ინვესტიცია ჩაიდო ქვეყანაში და არა - 2 მლრდ 14 მლნ დოლარის. თუმცა გაამხილეს ის სამი ძირითადი კომპონენტი, რომელშიც ცვლილებების შეტანამ შესწორებამდე არსებული მონაცემების შემცირება გამოიწვია.

„ეს ფაქტორებია: სააქციო კაპიტალი, რეინვეტსიცია და სხვა კაპიტალი/სავალო ვალდებულებები. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ეს ან საქსტატის შეცდომამ გამოიწვია ან კომპანიის შეცდომასთან გვაქვს საქმე; უბრალოდ, წყაროების დაზუსტების საფუძველზე მოხდა მონაცემების კორექტირება. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, როცა მსხვილ უცხოურ საწარმოში ჩატარდა აუდიტი და აღმოაჩინეს, რომ რაც ბუღალტერს ხარჯებში ჰქონდა გაწერილი, ხარჯი არ აღმოჩნდა ან - პირიქით. მოკლედ, როცა ახალი წყარო ჩნდება ახალი ინფორმაციით, ეს უნდა აისახოს მონაცემებში, რათა სტატისტიკა მეტად ზუსტი გახდეს“, - განაცხადა ძებისაურმა.

რაც შეეხება იმას, ვინ წარმოადგენს საქსტატის ძირითად წყაროებს, როგორც ლიკა ძებისაურმა თქვა, მათი ძირითადი რესპონდენტები არიან ბუღალტრები, რადგან კომპანიის სრული ფინანსური მონაცემები მათ აქვთ. სხვა წყაროებს შორისაა: ეროვნული ბანკი, ეკონომიკის სამინისტრო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და სხვა კონფიდენციალური წყაროები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები