საქსტატმა დღეს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ივნისის თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა. ხოლო, 2019 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.
"2019 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მრეწველობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, მშენებლობაში, ვაჭრობაში, ტრანსპორტში, სასტუმროებსა და რესტორნებში. კლება დაფიქსირდა საფინანსო საქმიანობაში,"-ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.
თვის განმავლობაში საქართველოს დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 6.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.5%-ით მეტია. ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითად იმოქმედა ექსპორტის 11.5%-იანმა ზრდამ.
კიდევ ერთი მოქმედი ფაქტორი იმპორტის 4.9%-ით შემცირება იყო.

























