მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქსტატი: მოსახლეობის კლება ძირითადად ემიგრაციას უკავშირდება

5afe950c55a1d
BM.GE
18.05.18 12:54
1039
სტატისტიკის სამსახურმა ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები გადაიანრგარიშა. სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების საფუძველზე დგინდება, რომ 2002 წლის მოსახლეობის აღწერისას, ფაქტიურზე მეტი მოსახლეობა დაფიქსირდა. ხშირ შემთხვევაში შინამეურნეობის წევრები, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებოდნენ (ძირითადად არალეგალურად) აღწერის დროს საქართველოში მუდმივად მცხოვრები შინამეურნეობის წევრების მიერ დაფიქსირდნენ, როგორც ქვეყანაში ფაქტიურად მცხოვრები მოსახლეობა, რამაც განაპირობა მუდმივი მოსახლეობის რიცხოვნობის გაზრდა. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ისიც, რომ 2002 წლის აღწერის შედეგებით, 1990-2001 წლებში ემიგრანტების რაოდენობამ შეადგინა 113.7 ათასი , მაშინ, როდესაც საქსტატის ახალი შეფასებით იმავე პერიოდში მხოლოდ გარე მიგრაციული სალდო -1 280.8 ათასი კაცით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, განსხვავებამ 2002 წლის მოსახლეობის აღწერისა და შეფასებით მიღებულ მონაცემებს შორის 8.7 პროცენტი შეადგინა. ცვლილებებია სტრუქტურაში საქალაქო და სასოფლო დასახლებების მიხედვით. კერძოდ, გადაანგარიშების შედეგად, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი 52.3 პროცენტიდან გაიზარდა 56.3 პროცენტამდე. შესაბამისად შემცირებულია სასოფლო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი.

„1994-2017 წლების პერიოდში საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა კლების ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნულ პერიოდში, კლება განიცადა როგორც საქალაქო, ისე სასოფლო დასახლებებში მცხოვრებმა მოსახლეობამ. იმავე პერიოდში საქართველოში ურბანიზაციის მაჩვენებელი 53.8 პროცენტიდან 58.3 პროცენტამდე გაიზარდა. მოსახლეობის კლება ძირითადად დაკავშირებულია ემიგრაციასთან.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითი იყო 2000 წლამდე. პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით. თითქმის მთელი პერიოდის განმავლობაში (გარდა 2004-2005 წლებისა) საქალაქო დასახლებებში ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითია, ხოლო სასოფლო დასახლებებში 1997-2013 წლებში გარდაცლილთა რაოდენობა ჭარბობს დაბადებულთა რაოდენობას, რაც შესაძლებელია აიხსნას მოსახლეობის დაბერებით. 2014 წელს, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილმა სასოფლო დასახლებებში 16.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო საქალაქოში - 12.3 პროცენტი.

გარე მიგრაციული სალდო მთელი პერიოდის განმავლობაში უარყოფითია. 1994 წლიდან ქვეყნიდან დაახლეობით 1,260.7 ათასი კაცით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა“, - განმარტავენ საქსტატში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები