მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქსტატი: რძის ნაწარმი 16%-ით გაძვირდა, ხორცი - 14.7%-ით, პური - 11%-ით, თამბაქო კი - 26%-ით

5dbfd2527c986
შოთა ტყეშელაშვილი
04.11.19 11:26
1377
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.9%-ით გაიზარდა, რა ზომის ინფლაციაც ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა. 

საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ გამოიწვია. ცალკეული სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ფასების მატება ასეთია:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (26.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), თევზეული (15.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.4 პროცენტი), ასევე პური და პურპროდუქტები (11.0 პროცენტი); 

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაზრდილია 13.8 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (26.8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.0 პროცენტი); 

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.3 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.3 პროცენტი); 

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.0 პროცენტიანი მატება, რაც 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8.1 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.1 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.7 პროცენტი); 

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 6.9 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.3 პროცენტი).



საქსტატის მონაცემებით, ტანსაცმლისა და კავშირგაბმულობის ჯგუფში ფასების შემცირება აღინიშნებოდა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები