მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქსტატი წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევის შედეგებს აქვეყნებს

5959f1ca94af7
BM.GE
03.07.17 11:25
996
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაიწყო ქვეყანაში არსებული წყალმომმარაგებელი საწარმოების რეგულარული გამოკვლევა. 2017 წლის მაისში განხორციელდა წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკითხვა, რომელმაც მოიცვა საქართველოში წყალმომარაგებითი საქმიანობით დაკავებული ყველა მოქმედი საწარმო და შეგროვდა მონაცემები წყალმომარაგების, წყალარინებისა და ჩამდინარე წყლის გაწმენდის შესახებ.

გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2016 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ეწეოდა 18 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 207.9 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.27 მილიონი ადამიანი, რაც საქართველოს მოსახლეობის 61.0 პროცენტს წარმოადგენს. წყალარინების (კალანიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რაოდენობამ 1.73 მილიონი (46.5 %), ხოლო ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 1.26 მილიონი (34.0 %) შეადგინა.

წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე საქსტატმა გაიანგარიშა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) მიერ შემუშავებული გარემოსდაცვითი ინდიკატორების წყლის კომპონენტის 4 ინდიკატორი: წყლის გამოყენება შინამეურნეობებში (C-4); წყალმომარაგება და წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული მოსახლეობა (C-5); წყლის დანაკარგები (C-7); და წყალარინების ქსელზე მიერთებული მოსახლეობა (C-14).

მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში საქსტატს ტექნიკური დახმარება გაუწია შვედეთის სტატისტიკის ექსპერტებმა. აღნიშნული განხორციელდა „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება“ პროექტის ფარგლებში. 2015 წლის მაისში საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ შვედეთში, სადაც შემუშავდა წყალმომმარაგებელი საწარმოების გამოკვლევის კითხვარის მონახაზი და განხილულ იქნა მეთოდოლოგიური საკითხები. 2016 წლის დეკემბერში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჩაატარა წყალმომმარაგებელი საწარმოების საპილოტე გამოკვლევა. მიღებული მონაცემების გაანალიზების პროცესში მონაწილეობდნენ შვედი ექსპერტები, რომლებიც საქსტატს მოკლევადიანი მისიის ფარგლებში სტუმრობდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები