საქსტატის აღმასრულებელ დირექტორად ერთი და იგივე პირი ორზე მეტი ვადით დაინიშნება, ამას ითვალისწინებს "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელიც დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
75 მომხრე, 8 წინააღმდეგი - ასეთია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგები, რომლის მიხედვითაც საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის არჩევის წესი იცვლება.
უფრო კონკრეტულად კი თუ აქამდე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის დანიშვნა ორზე მეტი ვადით არ შეიძლებოდა, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ ამ თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის ორზე მეტი ვადით დანიშვნის შესაძლებლობა ჩნდება.
კანონპროექტით „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონიდან მე-10 მუხლის 6 ქვეპუნქტი გაუქმდება და ის ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა, რადგან მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები საჭირო არ არის და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება.
კანონში ცვლილებების ინიციატორები და ავტორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები შოთა ბერეკაშვილი, ანტონ ობოლაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი არიან.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საქსტატს აღმასრულებელი დირექტორს, რომელიც იმავდროულად საქსტატის საბჭოს თავმჯდომარეა, 4 წლის ვადით თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით ნიშნავს. ხოლო მისი დანიშვნის მოქმედი წესი, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება ამ თანამდებობაზე ერთი და იგივე პირის ორზე მეტი ვადით დანიშვნა, კანონპროექტების ავტორების განმარტებით, ზღუდავს გამოცდილი და ეფექტიანი ხელმძღვანელის უწყებაში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას, ართულებს მისი საქმიანობის შედეგების გრძელვადიან და სრულფასოვან შეფასებას და არ წარმოადგენს საუკეთესო პრაქტიკას იმ უწყებისთვის, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა ეკისრება მონაცემთა ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მიმართულებით.
„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უზრუნველყოფს, რომ აღმასრულებელი დირექტორის ხელახალი დანიშვნა დამოკიდებული იყოს მის პროფესიულ გამოცდილებაზე, მიღწეულ შედეგებსა და ნდობაზე, და არა წინასწარ დადგენილ რაოდენობრივ შეზღუდვაზე. პროექტი მიზნად ისახავს საქსტატის ინსტიტუციური სტაბილურობის გაძლიერებას, პროფესიონალიზმის წახალისებას და ოფიციალური სტატისტიკის სისტემის უწყვეტ განვითარებას“, - წერია განმარტებით ბარათში და აღნიშნულია, რომ კანონპროექტი არ აუქმებს კონტროლის მექანიზმებს, რომლის მიხედვითაც აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა კვლავ განხორციელდება დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის, ღია კონკურსის და საქართველოს პარლამენტის თანხმობის საფუძველზე.
ცნობისთვის, დღეს საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გოგიტა თოდრაძეა, რომელიც სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს 2018 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს. ის პრემიერმა ამ თანამდებობაზე მეორედ 2022 წლის მაისში დაამტკიცა და ხელმძღვანელობის 4 წლიანი ვადა 2026 წლის მაისში იწურება.




























