საქველმოქმედო ფონდმა „სიცილით თერაპია“ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მსოფლიო ჯანდაცვის ფონდის პარტნიორი გახდა. ამის შესახებ ფონდის თანადამფუძნებელმა, ნინო ბოლქვაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
ფონდს „სიცილით თერაპია“ სპეციალურად გადამზადებული ექიმი-ჯამბაზები და არტ-თერაპევტები ჰყავს, რომლებიც ონკოლოგიურ და პალიატიურ პაციენტ ბავშვებს ემოციური და გონებრივი განვითარების მხარდაჭერას უწევენ.
ბოლქვაძის თქმით, ფონდის შექმნის დღიდან მნიშვნელოვანი იყო, მის საქმიანობას მკაფიო სამედიცინო სტანდარტი ჰქონოდა. მისივე განმარტებით, ქართველმა ონკოლოგებმა, ნეიროქირურგებმა და ნეიროფსიქოლოგებმა ფონდის მუშაობა თავიდანვე შეაფასეს და მათ საქმიანობას დადებითი რეკომენდაციები მისცეს. ნინო ბოლქვაძის შეფასებით, ამ პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშა პეჩ ადამსმა, რომელიც „სიცილის თერაპიის“ შემქმნელია. ის საქართველოში ჩამოვიდა, რათა ფონდის წევრებს მათთან ერთკვირიანი მუშაობის შესაძლებლობა მისცემოდათ.
„პეჩ ადამსთან ერთკვირიანი სამუშაო გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაშინ საბოლოოდ გავიაზრეთ, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს არტ-თერაპია მედიცინაში. ამიტომ, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია დაგვიკავშირდა, ამას უკვე გარკვეულწილად ველოდით კიდეც“, - აღნიშნა ბოლქვაძემ.
მისი ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თბილისში წარმომადგენლობა შექმნა და მუშაობას ოთხ ქვეყანაში - საქართველოში, სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში ახორციელებს. ბოლქვაძის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ ამიერ კავკასიის რეგიონში მხოლოდ მათი ფონდი იყო, რომელიც „სიცილით თერაპიას“ ავითარებდა, ამიტომაც მათთან დაპარტინიორება მსოფლიო ჯანდაცვის ფონდისთვის პრიორიტეტული გახდა.
პარტნიორობის ფარგლებში უკვე გაიმართა ორი ერთობლივი ღონისძიება: ქუთაისში, ევროპის დღეების ფარგლებში, ექიმ-ჯამბაზებმა ადგილობრივ ბავშვებთან იმუშავეს, ხოლო ერევანში გამართულ რეგიონულ შეხვედრაზე ფონდის წარმომადგენლებმა ფონდის შემდგომი განვითარების ახალი შესაძლებლობები დაინახეს.
ფონდის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდს ახალი საერთაშორისო ინიციატივებიც ელის - ნიუ-იორკის უნივერსიტეტმა „სიცილით თერაპიას“ მასტერკლასების გამართვის შეთავაზებით მიმართა, რაზედაც ორივე მხრიდან მზაობა უკვე არსებობს.
ბოლქვაძის თქმით, ორგანიზაცია გააგრძელებს მუშაობას როგორც ბავშვების ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ისე მათ გონებრივ განვითარებაზე: „ჩვენი მიზანი, მხოლოდ თანადგომა არაა - პალიატიური ჯგუფის ბავშვებს ფერებს, ასოებს და უცხო ენასაც ვასწავლით. შედეგები თვალსაჩინოა და სწორედ ამან გაზარდა ჩვენი საქმიანობის საერთაშორისო ინტერესი“.




























