კომპანია ,,სარაჯიშვილი“ მალე ბაზარზე ახალ ექსკლუზიურ კონიაკს, ,,ვინთიჯი“-ს გამოიტანს, რომელიც პრემიუმ სეგმენტზეა გათვლილი, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ბუბუტეიშვილმა განუცხადა.
,, ჩვენი უპირატესობა და მიმართულება არის ის, რომ ჩვენს კომპანიას აქვს ტრადიცია, ამბიცია და მრავალწლიანი ისტორია. გვინდა ამ ხნის დაგროვილი სიმდიდრე ნელ-ნელა გამოვიტანოთ და შევქმნათ ექსკლუზიური ხაზი და ისეთი პროდუქტი, რომელიც საქართველოში აქამდე არ არსებობდა. ,,ვინთიჯი“ არის კონიაკი, რომელიც მხოლოდ ერთ კონკრეტულ წელს გამოხდილი საკონიაკე სპირტისგანაა დამზადებული, სახელწოდებაც სწორედ ამას ნიშნავს - ერთი წლის დაძველების სპირტს. ეს იქნება, 1940 წლიდან 1980 წლამდე, ყველა წლის კონიაკი. ყოველწლიურად ხუთი სხვადასხვა წლის კონიაკი დამზადდება, ანუ ეხლა გამოვა - 1941, 1945, 1953, 1955 და 1968 წელი, შემდეგ წელს კიდევ დაემატება ხუთი სხვადასხვა წლის კონიაკი “ - განაცხადა ზურაბ ბუბუტეიშვილმა.
კონიაკი ,,ვინთიჯი“ მაღალ საფასო კატეგორიას მიეკუთვნება და დაძველების მიხედვით, 700-დან 3 000 დოლარამდე ეღირება. პროდუქტი 700 გრამიანი შეფუთვით გამოვა.

























