Microsoft საქართველო კომპანია "სარაჯიშვილს" არალიცენზირებული პროგრამების გაყენებისთვის ედავება. როგორც სარაჯიშვილის იურისტმა BM.GE-ს განუცხადა, "Microsoft საქართველომ" კომპანიას დაახლოებით ერთი წლის წინ პროდუქტების გამოყენების აკრძალვის მოთხოვნით მიმართა და ავტორიზებული პროგრამების შეძენა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში Microsoft Corporation-ის სახელით იურიდიული ფირმა BLB-ის წარმომადგენელმა კომპანია გააფრთხილა, რომ კომპენსაციის თანხის დაკისრების შესახებ სარჩელის აღძვრას ექნებოდა ადგილი.
როგორც "სარაჯიშვილის" იურისტი ამბობს, "Microsoft საქართველომ" ე.წ საკომპენსაციო თანხის - 12 ათასი დოლარის გადახდა შესთავაზათ, თუმცა გააფრთხილეს, რომ სასამართლო დავის შემთხვევაში ეს თანხა 100 ათას დოლარს მნიშვნელოვნად გადააჭარბებდა. გაფრთხილებას მართლაც მოჰყვა სარჩელი სასამართლოში, თუმცა ამ საქმეში როგორც კომპანიის იურისტი ამბობს, ბევრი საეჭვო გარემოება აღმოჩნდა. კახა ასლანიშვილი თქმით, წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ არც Microsoft საქართველოს" და არც მათ იურიდიულ მრჩეველ კომპანია BLB-ის რეალური კავშირი Microsoft Corporation-თან არ აქვთ და წლების განმავლობაში კორპორაციის სახელის გამოყენებით საქართველოს ბიზნეს კომპანიებს არაუფლებამოსილად უყენებენ მოთხოვნებს.
"ეს არის შპს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში, რომლის უფლებამოსილებაც ცხადია, Microsoft Corporation-თან მიმართებაში, ვინც არის საავტორო უფლების მფლობელი, ვერ დგინდება ვერანაირიად იმიტომ, რომ არც თვითინ წარმოადგინეს დოკუმენტი თავის დროზე და არც შემდგომ. როცა ჩვენ შევედით მონაცემთა ბაზაში, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია რეესტრის საიტზე, აღმოვაჩინეთ, რომ მისი დამფუძნებელი არის ნევადაში რეგისტრირებული კომპანია. ნევადა ძალიან შორს არის ვაშინგტონის შტატიდან, სადაც Microsoft Corporation-ია რეგისტრირებული. ამოვიღეთ ნევადის კომპანიის წესდებაც, ვნახეთ რომ 5 000 დოლარიანი კაპიტალით არის შექმნილი ეს კომპანია და 2009 წელს აფუძნებს შპს Microsoft საქართველოს. ჩვენ არ ვიცოდით ვის მიმართ ვიყავით ან ანგარიშვალდებული, ან ვისთვის უნდა გვეთხოვა რაიმე უფლების მონიჭება ან პროდუქტის შეძენა განგვეხორციელებინა იმისთვის, რომ აკრძალვას არ დავქვემდებარებოდით", - განმარტავს კახა ასლანიშვილი.
მისი თქმით, არც Microsoft საქართველო და არც მისი იურიდიულ მრჩეველი კომპანია არ არიან აღჭურვილნი სათანადო უფლებამოსილებით, რომ სასამართლოში Microsoft Corporation-ის სახელით იდაონ.
"დღეს Microsoft Corporation -ის სახელით მოქმედებენ პირები, ვინც საკუთარ უფლერბამოსილებას იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც არსებობს და დადგენილია საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით და ვაშინგტონის შტატის კორპორაციათა აქტით, ასევე თავად Microsoft Corporation -ის ,,კლიენტის’’ წესდებით, მინიმუმ ვერ აკმაყოფილებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ არაუფლებამოსილნი არიან ან მოთხოვნა წამოგიყენონ ან სარჩელი აღძრან’’-განმარტავს სარაჯიშვილის იურისტი.
კახა ასლანიშვილი განმარტავს, რომ საადვოკატო ფირმა BLB-ის მხრიდან წარმოდგენილი უფლებამოსილების მინდობილობა არც Microsoft Corporation-ს გაუცია და საქართველოს კანონის მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს.
"მოაქვთ დოკუმენტები, რომელიც ურთიერთწინააღმდეგობრივია. ერთში წრია, რომ ხელმომწერია უფლებამოსილი და ხელს აწერს საკუთარ უფლებამოსილებაზე თვითონ ეს ხელმომწერი. ის ამბობს, რომ პირველი რწმუნებულება ასევე უფლებამოსილი პირის მიერაა შესრულებული, ანუ ერთი ოფიცერი მეორეს უდასტურებს, და დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება არ არის წარმოდგენილი. მათივე წესდების, კორპორაციის კორპორატული წესდებისა და მათივე შტატის რეგულაციის უგულვებელყოფით წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეიძლება გახდეს სასამართლოში დავის დაწყების ინსტრუმენტი’’-განმარტავს ასლანიშვილი.
Microsoft-სა და ,,სარაჯიშვილს’’ შორის დავის არსებით განხილვებამდე წინამოსამზადებელი სხდომა ხვალ შედგება.

























