„სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა არ გადაიწევა – 2026 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა მოხდეს ყველა სუბიექტის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა აღნიშნა, რომ მეწარმე სუბიექტებს დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად დიდი დრო ჰქონდათ და შესაბამისი პროცედურების გავლა დარჩენილ ვადაშიც არის შესაძლებელი. გარდა ამისა, 20 მარტამდე სერვისის მიღება მათ ნახევარ ფასად შეუძლიათ.
პაატა სალიამ განმარტა, თუ რომელ საწარმოებს ეხებათ აღნიშნული ვალდებულება:
„ეს ეხება ყველა იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც რეგისტრირებულია 2022 წლის 1-ელ იანვრამდე, გარდა არაკომერციული იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისა. მოვუწოდებ ყველას, მოაწესრიგონ დოკუმენტაცია, რათა სუბიექტებს არ შეექმნათ პრობლემები, რასაც ითვალისწინებს კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობა“,- აღნიშნავს პაატა სალია.
მომსახურების მიღება შესაძლებელია როგორც იუსტიციის სახლებში, ისე საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან, ასევე, ელექტრონულად პორტალ my.gov.ge-ზე.
საქმე ის არის, რომ 2026 წლის პირველი აპრილი მეწარმე სუბიექტების ხელახალი რეგისტრაციისთვის ბოლო ვადაა. ცვლილება უკავშირდება მეწარმეთა შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლითაც 2022 წლამდე რეგისტრირებულ კომპანიებს საკუთარი ამონაწერის განახლება და კანონთან შესაბამისობაში მოყვანა დაევალა. ეს ცვლილება ეხება ათიათასობით იურიდიულ პირს, რომლებმაც ამონაწერი უნდა განაახლონ. საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში უკვე მოიყვანა 350 000-ზე მეტმა სუბიექტმა. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 20 მარტის ჩათვლით, საფასური განახევრებულია და მეწარმეებს 200 ლარის ნაცვლად 100 ლარის გადახდა მოუწევთ.




























