სარეკლამო SMS-ების უნებართვოდ გაგზავნისთვის 56 კომპანია დაჯარიმდა. ამის შესახებ bm.ge-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ ჯაველიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მომართვების საფუძველზე სამსახურმა ათეულობით კომპანიის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავების პროცესი შეისწავლა.
„შესაბამისი სამართალდარღვევა 56 კომპანიის წინააღმდეგ იქნა დადგენილი. მათ დაეკისრათ როგორც ფინანსური ჯარიმა, ასევე მიეცათ გაფრთხილება და შესასრულებლად სავალდებულო დავალებები. დაჯარიმდნენ შესაბამისი ავტორიზებული პირებიც, რომლებიც ე.წ. თავიანთი მონაცემთა ბაზებით, დახმარებას უწევენ კომპანიებს, რომ პროცესში დაამუშაონ მოქალაქეების სატელეფონო ნომრები. ამ კომპანიების მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით დადგენილი ზღვრული ჯარიმა 20 000 ლარის ოდენობით“, - აღნიშნა არჩილ ჯაველიძემ.
ხოლო bm.ge-ის კითხვაზე, რამდენი იყო მათ შორის ე.წ. შუამავალი კომპანია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა:
„5 ავტორიზებული პირი იყო, რომლებიც კომპანიებს ამ პროცესში მხარდაჭერას სთავაზობდნენ მარკეტინგული მიზნით დამუშავების სახით, შესაბამისად, გარდა იმისა, რომ თანხობრივი ჯარიმა დაეკისრათ, მათ მიეცათ შესასრულებლად სავალდებულო დავალება, რაც მათ შორის გულისხმობს იმას, რომ შეწყვიტონ თავიანი მონაცემთა ბაზების გამოყენება და სხვადასხვა კომპანიებისთვის შეთავაზება.
დარღვევები იყო განსხვავებული. მათ შორის ყველაზე ხშირი იყო, როცა პირებისგან თანხმობა არ იყო მოპოვებული იმ სტანდარტით, რომელსაც ადგენს კანონი. გარდა ამისა, იყო შემთხვევები, როცა ორგანიზაციები წერილობითი შეთანხმების გარეშე ახდენდნენ მონაცემების დამუშავებას.
ასევე, გამოკვეთა შემთხვევები, როცა კომპანიები ავტორიზებულ პირებს სათანადოდ არ უწევდნენ მონიტორინგს და არ რწმუნდებოდნენ რამდენად კანონიერი იყო მათი მხრიდან მონაცემების დამუშავების პროცესი“.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება მხოლოდ ინფორმირებული, კონკრეტული, თავისუფალი, მკაფიო, აქტიური ქმედებით გამოხატული თანხმობის საფუძველზეა დასაშვები.