BAG ინდექსის თანახმად, 2025 წლის I კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი ყველა სექტორში დადებითია, თუმცა 2024 წლის IV კვარტალთან შედარებით ვაჭრობის გარდა, ყველა სექტორში გაუარესდა.
უფრო დეტალურად, მიმდინარე წლის I კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება მრეწველობის სექტორში 19.5 ქულით, ვაჭრობის სექტორში - 15.7 ქულით, მომსახურების სექტორში - 14.1 ქულით, ხოლო მშენებლობის სექტორში - 1.7 ქულით გაუარესდა.
რაც შეეხება ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინს, მოლოდინების შეფასება გაუმჯობესდა ვაჭრობის სექტორში 21.1 ქულით, მომსახურების სექტორში - 10.8 ქულით და მშენებლობის სექტორში - 2.5 ქულით, ხოლო გაუარესდა მრეწველობის სექტორში 13.8 ქულით. 2025 წლის I კვარტალში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე მაღალი შეფასება მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი - ვაჭრობის სექტორში. თუმცა, ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა ყველაზე პოზიტიური ბიზნესის მოლოდინი, ხოლო ყველაზე ნაკლებად პოზიტიური მშენებლობის სექტორში.
ამასთან, 2025 წლის I კვარტალში, 2024 წლის I კვარტალთან შედარებით, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი გაუარესებულია ყველა სექტორში. კერძოდ, ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი მშენებლობის სექტორში 34.2 ქულით გაუარესდა, ვაჭრობის სექტორში 22 ქულით, მრეწველობის სექტორში 15.8 ქულით, ხოლო მომსახურების სექტორში 3.9 ქულით. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის სექტორში მაჩვენებლის კლება ძირითადად ბიზნესის მოლოდინების (-46.7 ქულა), ხოლო ვაჭრობის სექტორში - ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის (-35.9 ქულა) შეფასების გაუარესებას უკავშირდება.
რაც შეეხება დასაქმების მაჩვენებლებს, გამოკითხული კომპანიების 23%-მა განაცხადა, რომ მათთან დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა, 9%-მა თქვა, რომ შემცირდა, ხოლო 68%-მა დააფიქსირა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა. მეორე კვარტალში მოლოდინია, რომ გამოკითხული კომპანიების 29% დასაქმებულთა რაოდენობას გაზრდის, 6% შეამცირებს, ხოლო 64% დასაქმებულთა რაოდენობის შეცვლას არ განიხილავს.
რა მოლოდინები და განწყობებით ხვდებიან მეორე კვარტალს ბიზნესის წარმომადგენლები?
სტუმრები: შოთა ბურჯანაძე - რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე;
მერიკო გუბელაძე - რესტორატორი, „შავი ლომის“, „ლეილას“, „ნინიას ბაღის" მმართველი;


































