მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სარესტორნო ბიზნესი ბავშვია...ხან ერთი "მომვლელი" ჩამოვა, ხან - მეორე და ვიზრდებით"| რესტორატორი

შოთა ბურჯანაძე

რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის და „სთეიქჰაუსი ნომერი 1“-ის მფლობელ შოთა ბურჯანაძის შეფასებით, საქართველოს სარესტორნო ინდუსტრია განვითარების აქტიურ ფაზაშია, თუმცა გლობალური ცვლილებები, ტურისტების გეოგრაფიის შეცვლა და ტექნოლოგიური პროგრესი სექტორისგან მუდმივ ადაპტაციას მოითხოვს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, სადაც შეაფასა სარესტორნო ბაზარზე არსებული რეალობა, აზიელი ტურისტების გავლენა ქართულ მენიუზე და ისაუბრა იმ მიზეზებზეც, რის გამოც ზოგიერთი ბიზნესი კონკურენციას ვერ უძლებს.

შოთა ბურჯანაძის დაკვირვებით, თუ ევროპელი ტურისტები უკვე კარგად იცნობენ ქართულ სამზარეულოს, რის გამოც ევროპის დიდ ქალაქებში ქართული რესტორნები იხსნება, აზიიდან წამოსული ტურისტული ნაკადები ამ ეტაპზე კვლავ „დაზვერვით“ ფაზაში არიან.

„ჩვენ წინა გადაცემაშიც ვისაუბრეთ [საქართველოს სარესტორნო ბიზნესზე] და მე ჩვენს სფეროს დავარქვი პატარა ბავშვი, რომელიც იზრდება. ამ ზრდის პროცესში ვართ ახლაც - ხან ერთი მომვლელი ჩამოვა [უცხოეთიდან], ხან - მეორე. ასე ვთქვათ, გვივლიან და ჩვენც ამ სიტუაციაში ვიზრდებით. სერიოზულად რომ შევხედოთ ამ თემას, საქართველო გასტრონომიულად ჯერ კიდევ გაცნობის პროცესშია”, - აღნიშნა რესტორატორმა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ სტუმრის გემოვნების მიუხედავად, ქართულმა გასტრონომიულმა ბიზნესმა ავთენტურობა არ უნდა დაკარგოს არც საქართველოში და არც - უცხოეთში.

მისი თქმით, მზარეულების მცდელობა, უცხოეთში, „გაფუჟენებული“ (Fusion) კერძები შეეთავაზებინათ მომხმარებლისთვის, ხშირად კრახით სრულდებოდა.

"ქართველმა მზარეულებმა სცადეს უცხოეთში, სხვადასხვა ქვეყანაში, თავისი ინტერპრეტაცია და თავისებური ხედვა შეეტანათ ქართულ სამზარეულოში - ასე ვთქვათ, “გაფუჟენებული” კერძები შეექმნათ, თუმცა რიგ შემთხვევებში, სამწუხაროდ, ეს რესტორნები 6-7 თვეში დაიხურა. იმიტომ, რომ უცხოელს ის ხედვა კი არ უნდოდა, არამედ უნდოდა ის, რაც ნამდვილი ქართულია. ავთენტურობას ვერ დავკარგავთ, იმიტომ რომ იმხელა ფესვები გვაქვს გადგმული, ამის შანსი უბრალოდ არ არსებობს - მომხმარებელი არ მიიღებს იმხელა ცვლილებას, რომ რაღაც ძალიან შორს წავიდეთ”, - თქვა მან.

ამასთან, შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ტურისტების გავლენა ბიზნესის განვითარებაზე მთლიანობაში დადებითია, რადგან სწორად დაგეგმილი სივრცეები ახალი ლოკაციების განვითარების მიზიდულობის ცენტრად იქცევა, როგორც ეს თავის დროზე ბელიაშვილის ქუჩასა თუ შარდენზე მოხდა.

“წერტილთან” ინტერვიუში არაერთი რესტორნის მმართველმა და რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ სარესტორნო სფერო საოცრად მგრძნობიარეა და დღეს მომხმარებელი სულ სხვა პროდუქტს ითხოვს, ვიდრე - წლების წინ.

„წლები იყო, როდესაც ადამიანები რესტორანში მხოლოდ საქეიფოდ მოდიოდნენ, დღეს ეს სრულიად შეცვლილია. თუ ვერ იგრძენი, რა უნდა მიაწოდო სტუმარს, ბიზნესი უბრალოდ ვერ განვითარდება. სამწუხაროდ, ამ ახალ ვითარებას ბევრი ვერ აჰყვა და ამიტომაც აქვთ პრობლემები. ეს პრობლემები მერე ყოველთვის რაღაც ობიექტურ გარემოებებს ბრალდება და არა - სუბიექტურ შეცდომებს”, - აღნიშნა მან.

შოთა ბურჯანაძის თქმით, თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი (AI) და სხვადასხვა პლატფორმა ინფორმაციის მიღებას ამარტივებს, რესტორანმა ეს ტექნოლოგიები სინამდვილის საჩვენებლად უნდა გამოიყენოს.

"დღეს ტურისტი წინასწარ, სხვა “დაზვერვითი სტუმრების” გამოხმაურებებითა და ფოტოებით ინფორმირებული მოდის და ზუსტად იცის, სად მიდის და რატომ", - თქვა რესტორატორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები