"კნეინას" დამფუძნებელი ლაშა მამაგეიშვილი ახლო აღმოსავლეთის მოვლენების ადგილობრივ ბიზნესზე გავლენას აფასებს და აღნიშნავს, რომ ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან ტურისტების დანაკლისი შესამჩნევია, რაც ბიზნესს აზარალებს.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, ვითარება კატასტროფული არაა, რამდენადაც ბიზნესი მხოლოდ ამ მიმართულებაზე არაა დამოკიდებული.
"ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ამაზე ვართ დამოკიდებული, თუმცა არაბული ქვეყნებიდან და ისრაელიდან ჩვენი მუდმივი სტუმრები ვინც არიან ხოლმე, ისინი თუ არ ჩამოვლენ თავისთავად სარესტორნო ბიზნესსაც ეს დაარტყამს",- ამბობს ლაშა მამაგეიშვილი.
ის იმ პოტენციურ დადებით ეფექტზეც საუბრობს, რაც შესაძლოა სარისკო რეგიონიდან საქართველოს მიმართულებით გადმომისამართებულ ტურისტულ ჯავშნებს მოჰყვეს.
"ევროპელი სტუმრების ნაწილი, შესაძლოა, პირიქით ზაფხულში დაიგეგმონ და აქეთ ჩამოვიდნენ. რამდენიმე სტუმარიც, რომელიც ტურისტულ კომპანიებთან არიან კავშირში, გვიდასტურებს ამას, რომ ჯავშნები უქმდება იქით და ჯავშნიან საქართველოში.
ვერ ვიტყვით, რომ კატასტროფა ხდება. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ისრაელიდან, არაბული ქვეყნებიდან დუბაის აეროპორტის გავლით ვინც ჩამოდიოდნენ, ისინი ნამდვილად გაჩერებულია, მაგრამ ასევე შემიძლია დაგიდასტუროთ და გითხრათ, რომ აპრილი-მაისის ჯავშნები ვთქვათ ევროპიდან და ასეთი ქვეყნებიდან არის და თან უახლოეს დღეებში დაჯავშნილი",- ამბობს ლაშა მამაგეიშვილი.




























