მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ვინაობა ცნობილია

64a5739becb4e
BM.GE
05.07.23 17:41
1974
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის შედეგად, ერეკლე კეჟერაშვილი დაინიშნა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ერეკლე კეჟერაშვილს მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია ტრანსპორტის სფეროში რეფორმებისა და მსხვილი პროექტების მართვისა და კოორდინაციის მიმართულებით, მათ შორის სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მუშაობის პერიოდში იგი იყო „საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში" ევროკავშირის TWINNING-ის პროექტის ლიდერი საქართველოს მხრიდან, საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების ორგანიზაციის (OTIF) ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი და ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო 2023 წლის მაისში „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სარკინიგზო კოდექსში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შეიქმნა, რომლებიც განხორციელდა ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის სამართლებრივი აქტების დანერგვის მიზნით დაწყებული სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში. ამ რეფორმის მიზანია სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირება, რათა საქართველოში შეიქმნას ევროპული მოდელის სარკინიგზო სისტემა, რაც გაზრდის დარგის ეფექტურობას და გამჭვირვალობას, გაათავისუფლებს სარკინიგზო ოპერატორსა და ინფრასტრუქტურის მმართველს/მენეჯერს საჯარო ვალდებულებებისგან და ამით ბიზნესოპერატორებს, მათ შორის საქართველოს რკინიგზას, მიეცემათ შესაძლებლობა მეტად ორიენტირებული იყვნენ კომერციულ პრინციპებზე.

სააგენტოს საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირება და ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში - პირველ ეტაპზე სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სახიფათო ტვირთების გადაზიდვის, სარკინიგზო ოპერატორების, ინფრასტრუქტურის მენეჯერის, სარკინიგზო სასწავლო დაწესებულებების და მატარებლის მემანქანეების სერტიფიცირების მიმართულებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები