საფრანგეთის ექსპრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé-ს ციხეში გადაიყვანეს. სასჯელაღსრულების უწყებამ ის უკვე მოათავსა სამარტოო საკანში, სადაც ქვეყნის ყოფილი პირველი პირი 5-წლიან სასჯელს მოიხდის.
შეგახსენებთ, ნიკოლა სარკოზის შესახებ პარიზის კრიმინალურმა სასამართლომ გადაწყვეტილება 26 სექტემბერს გამოაცხადა. საქმე ეხებოდა 2007 წელს, ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფის მიერ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში სარკოზის კამპანიის არალეგალურ დაფინანსებას. ზუსტად რა მიზეზით მოხვდა ციხეში სარკოზი, ამის შესახებ შეგიძლიათ უყუროთ ჩვენ მიერ მომზადებულ ჩართვას “სარკოზი, კადაფი და პრეზიდენტის გზა ციხემდე”.
საკუთარი სახლიდან გამოსულ ქვეყნის ყოფილ ლიდერს ასობით მხარდამჭერი დახვდა, რომლებიც სარკოზის მხარდამჭერ ფრაზებს აჟღერებდნენ. თავად ექსპრეზიდენტს მედიასთან კომენტარი აღარ გაუკეთებია, თუმცა შეკრებილ ხალხს შორიდან შემდეგი სიტყვებით მიმართა: “სამართალი მაინც იზეიმებს”.
იმის მიუხედავად, რომ პარიზის კრიმინალურმა სასამართლომ სარკოზი გაამტყუნა, ექსპრეზიდენტი მოელის, რომ 5-წლიანი სასჯელის სრულად მოხდა არ მოუწევს. მან გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა შემდგომი ინსტანციის სასამართლოში და შინა პატიმრობაში გადაყვანის წინადადებით სასჯელაღსრულების უწყებასაც მიმართა. უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს აღნიშნული ორგანო, თუმცა მეორე ინსტანციის სასამართლო განხილვას 2026 წლის პირველ ნახევრამდე არ დაიწყებს.




























