ამერიკული ენერგოკომპანია Frontera-ს დირექტორთა საბჭოს სამ წევრსა და კომპანიის ყოფილ პრეზიდენტს ზაზა მამულაიშვილს შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს. ზაზა მამულაიშვილი დირექტორთა საბჭოს სამ წევრს, მათ შორის კომპანიის დამფუძნებელ სტივ ნიკანდროსს, ასევე ლუის ჯუსტსა და ტაილერ ნელსონს Frontera-ს არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებს. ტეხასის შტატის სასამართლოს ეს სარჩელი 2021 წლის 21 იანვარს წარეგდინა.
დოკუმენტების მიხედვით, საუბარია ფარულ ლობისტურ კონტრაქტებზე, რომელთა მოცულობაც 2019-2020 წლებში $440,000 დოლარი იყო. ზაზა მამულაიშვილის სარჩელის მიხედვით, ეს ხელშეკრულება მისი, როგორც მაშინდელი CEO-სგან ფარულად გაფორმდა, თანაც კონტრაქტი დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრის ტაილერ ნელსონის კომპანია “ქორნერსთოუნთან” დაიდო. ამასთან ერთად სარჩელში საუბარია Frontera-ს მიერ აშშ-ის მცირე ბიზნესის ადმინისტრაციიდან (SBA) მიღებულ სესხზე, რომელიც $329,000-ს შეადგენს, რომელიც მამულაიშვილის შეფასებით სტივ ნიკანდროსმა პროცედურების დარღვევით მოიზიდა და არამიზნობრივად დაიხარჯა. ამ დავაში მამულაიშვილი Frontera Resources Corporation-ის დირექტორთა საბჭოს სამი წევრისგან მოითხოვს კომპანიის კორპორატიული მართვის რეფორმირებას, მისი როგორც კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის ცნობას და მიყენებული ზარალის სახით $1 მილიონი დოლარის კომპენსაციას.
თავისმხრივ, 2021 წლის თებერვალში ტეხასის შტატის სასამართლოში საკუთარი შესაგებებელი სარჩელი შეიტანეს მოპასუხე მხარეებმაც, რომლებიც Frontera-ს ყოფილ პრეზიდენტს, ზაზა მამულაიშვილს მისი მმართველობის პერიოდში კომპანიის კუთვნილი სახსრების მითვისებაში და არასწორ მენეჯმენტში ადანაშაულებენ. სასამართლო მასალების მიხედვით, მოპასუხეები აღნიშნავენ, რომ მამულაიშვილმა პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებმაც კომპანიას სოლიდური ზარალი მოუტანა. ზაზა მამულაიშვილი Frontera-ს ხელმძღვანელის პოსტს 2020 წლის აგვისტოდან აღარ იკავებს.
მოპასუხე მხარეების მტკიცებით, ზაზა მამულაიშვილის დირექტორობისას მის პირად ანგარიშზე კომპანიის კუთვნილი სახსრები “უკანონოდ” ირიცხებოდა.
“კომპანიამ 2019 წელს შეიტყო, რომ 2019 წელს ბატონმა ზაზა მამულაიშვილმა კომპანიის საკუთრებაში არსებული რესურსები საკუთარი პირადი კეთილდღეობისთვის გადარიცხა. მაგალითად, 2019 წლის 12 ივლისს, $34,000 დოლარი, რომელიც კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა, მის ანგარიშზე ჩაირიცხა. 2019 წლის 24 ივლისს კი დამატებით $108,000 დოლარის გადარიცხვა მოხდა მის ანგარიშზე. ბატონ ზაზას მის ანგარიშებზე ამ გადარიცხვების განხორციელების ავტორიზაცია არ გააჩნდა. ამჟამად კომპანია ატარებს შესაბამის აუდიტს, რათა დაითვალოს თუ რა მოცულობის თანხა იქნა არასწორად განკარგული,”- ნათქვამია სასამართლო მასალებში.
დოკუმენტში ასევე საუბარია Frontera-ს საკუთრებაში მყოფ ნავთობზეც, რომელიც მოპასუხეთა მტკიცებით საქართველოში არსებული “მარაგებიდან გაქრა”. სასამართლო მასალებში მოპასუხეები აღნიშნავენ, რომ ზაზა მამულაიშვილმა სათანადო ძალისხმევა იმისთვის, რათა დაკარგული ნავთობი მოძიებულიყო.
“2019 წლის ნოემბერში ბატონმა ზაზამ კომპანიას გაუმჟღავნა ინფორმაცია, რომ Frontera-ს საკუთრებაში, მარაგებში არსებული ათასობით ბარელი ნავთობი, ასევე გარკვეული ტექნიკა იყო მოპარული საქართველოში კომპანიის თანამშრომლების მიერ. ბატონმა ზაზამ განაცხადა, რომ ის ამ საქმის გამოძიებისთვის და სამართლის აღსრულებისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებდა, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ, კომპანიას კი ზარალი აენაზღაურებინა, თუმცა ასე არ მოხდა, რაც ეჭვს გვიჩენს, რომ ის სავარაუდოდ იყო თანამონაწილე იმ სქემაში, რომლითაც კომპანიის კუთვნილი ნავთობი და აღჭურვილობა დაიკარგა,”- ნათქვამია სასამართლო მასალებში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და Frontera-ს შორის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დავა რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნავთობისა და გაზის კორპორაცია, ასევე ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო მიუთითებდნენ, რომ Frontera-მ არ შეასრულა ის ვალდებულებები, რასაც მას 1997 წელს გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმება აკისრებდა. საარბიტრაჟო სასამართლომ 2020 წლის აპრილში დააკმაყოფილა საქართველოს საჩივარი, რის შედეგადაც Frontera-ს სალიცენზიო ტერიტორიის უკან სახელმწიფოსთვის გადაცემა დაევალა.
მომხდარის შემდეგ განცხადება გააკეთა Frontera-ს ერთ-ერთმა ინვესტორმა, ამერიკულმა კომპანია Outrider Managemenet-მა, რომელმაც საქართველოს მთავრობას მოუწოდა, რომ სალიცენზიო ტერიტორია, რომელზეც წარსულში Frontera საქმიანობდა, მას გადასცემოდა. ამასთან, ინვესტორი მიუთითებდა, რომ მას Frontera-სთან სასამართლო დავაში იყო ჩართული.