მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასამართლო პროცესი, სადაც ბაჩიაშვილი პირველ განცხადებას გააკეთებს, გადაიდო

სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 28 მაისს ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსისტის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს – ე.წ. „მტკვარი ჰესს“ – ეხება, გადაიდო. სხდომა 29 მაისს, 14:00 საათზე გაიმართება.

იქამდე, ბაჩიაშვილის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მომხდართან დაკავშირებით საჯარო განცხადება სწორედ 28 მაისს უნდა გაეკეთებინა.

ბაჩიაშვილის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის რუსთავის ციხეა.

მისი დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) დღეს, 27 მაისს დაადასტურა. უწყების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილი სამართალდამცავებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც 26 მაისს ანონიმური შეტყობინების საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ:

„წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.“

სუსი არ აკონკრეტებს, იყო თუ არა ბაჩიაშვილი საქართველოს სომხეთის, თუ აზერბაიჯანის საზღვართან. აღნიშნულ მონაკვეთში — წითელ ხიდსა და სადახლოს შორის — დაახლოებით 20 კმ-ია.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

რამდენიმე საათით ადრე, სანამ გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების ამბავი გასაჯაროვდებოდა, გამოცემა „გარდიანში“ გამოქვეყნდა მასთან ინტერვიუ; მიმალვაში მყოფი ბაჩიაშვილი აცხადებდა, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურების ცნობით, მისი მკვლელობის ბრძანებაა გაცემული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები