მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასამართლო სხდომების გადაღების წესს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს

ფოტო/ვიდეო სასამართლოში

სასამართლო სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღების ნებართვის მიცემის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს — ასეთია ცვლილება, რომელიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შევიდა.

პროექტის თავდაპირველი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ვიდეო და აუდიო ჩაწერა მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით უნდა დაშვებულიყო, დაკორექტირდა.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, "ოცნების" პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, სასამართლოს შესაძლებლობა ექნება, პროცესთან დაკავშირებული კადრები დამოუკიდებლად გაავრცელოს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესისთვის მშვიდი გარემოს უზრუნველყოფას.

მისივე თქმით, ახალი რეგულაცია ითვალისწინებს, რომ სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას ფოტო ან ვიდეო გადაღება დაუშვებელია, თუ ასეთი ნებართვა კონკრეტულ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ არ გასცა.

გორდულაძის განცხადებით, საბჭოს გადაწყვეტილება არ ნიშნავს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას:

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კონსტიტუციური ვალდებულება აქვს, სასამართლოს ორგანიზებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს ვერ იქნება ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებელ საქმიანობაში“.

ცნობისთვის, კანონპროექტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავად გაავრცელოს მასთან არსებულ კადრებსა და მასალებს, თუკი ეს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. მედიას, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია, მხარეებთან ინტერვიუები სხვა სივრცეში ჩაწეროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები