მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასამართლო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

59a95f898850a
BM.GE
01.09.17 17:22
1177
თბილისის საქალაქო სასამართლო თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ძაგნიძესა და კერძო არქიტექტორ ვალერი მიმინოშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

”თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ჯგუფური თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულ ვ. მ.-ს და ლ.ძ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობის ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა.

ბრალდების თანახმად, ბრალდებულებმა ურთიერთშეთანხმებით ქ. თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მდებარე ოთხ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმების სანაცვლოდ მოქალაქეს თითქოსდა თბილისის მერიის თანამშრომლებისათვის გადასაცემად 38 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს. ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 2016 -2017 წლებში 15 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ და ცდილობდნენ შეთანხმებული თანხის დარჩენილი ნაწილის მოტყუებით მიღებას.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულებს ბრალად ედებათ მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. მიმალვისა და მტკიცებულებათა განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების, გამოძიების მიმდინარეობაში უარყოფითი ჩარევის საფრთხეთა გათვალისწინებით სასამართლომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ბრალდებულთა მიმართ მიზანშეწონილად მიიჩნია მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენება”, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 25 ოქტომბერს, 12:30 საათზე გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები