თბილისის საქალაქო სასამართლო თბილისის მერიის წინააღმდეგ C.T. Park-ის სარჩელს განიხილავს.
როგორც bm.ge-ის კომპანიის იურისტმა თამარ შუბითიძემ განუცხადა, სამართლებრივი პროცედურები დედაქალაქის მთავრობის მხრიდან კომპანიისთვის ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით, რამდენიმე თვის წინ, გაზაფხულზე დაიწყო, თუმცა საქმეზე არსებითი განხილვები ჯერ არ ჩატარებულა.
როგორც იურისტი განმარტავს, საუბარია, მერიის 2 განკარგულებაზე, რომელთა საფუძველზეც დედაქალაქის მთავრობამ “სითი პარკთან” ხელშეკრულება გაწყვიტა.
თამარ შუბითიძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი განკარგულება ეხებოდა “სითი პარკის” მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტებს ანუ ჯარიმებს, მეორე განკარგულებაში კი, საუბარი იყო საგზაო მონიშვნებზე.
იურისტი ამბობს, რომ თბილისის მერიის აზრით, “სითი პარკი” ვერ ასრულებდა ვალდებულებებს სწორედ საგზაო მონიშვნების მიმართულებით. ამ ეტაპზე ამ განკარგულების განხილვა მიმდინარეობს.
რაც შეეხება ჩივილს საერთაშორისო სასამართლოში, იურისტი აცხადებს, რომ დირექტორების გადაწყვეტილებით, მსგავსი ნაბიჯები კომპანიას ჯერ არ გადაუდგამს.
თამარ შუბითიძე ამბობს, რომ “სითი პარკის” ხელძღვანელობა ჯერ აკვირდება, როგორც წარიმართება პროცესი ადგილობრივ სასამართლოში.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში თბილისის მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა C.T. Park-თან და მის მაგივრად დედაქალაქში პარკინგის მონიტორინგს "თბილისის პარკინგი" უზრუნველყოფს. “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად ვალდებულებების შეუსრულებლობა სახელდებოდა.

























