სასამართლომ, პროევროპულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია, პატიმრობაში დატოვა. შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა მიიღო.
თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. როგორც ადვოკატმა, ნინო მჭედლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.
დღესვე, მოსამართლე დავით მგელიაშვილმა, ასევე პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ანზორ კვარაცხელიას მიმართაც. მას სამართალდამცავების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან. ბრალს არც ანზორ კვარაცხელია ეთანხმება.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს უნდა გაიმართოს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ასევე იუმორისტ ონისე ცხადაძისა და სხვა პირების სასამართლო პროცესები.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს და ჯამში, უკვე 28 ადამიანი დააკავეს გამოძიების ფარგლებში.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთან ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 დეკემბერს შეეფარდა.