მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

სასამართლომ ელ-ფოსტის მიმოწერა საჯარო ინფორმაციად ცნო

5a2c391e298a6
BM.GE
10.12.17 16:00
2154
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა IDFI-ის საკასაციო საჩივარი და დაადგინა, რომ საჯარო დაწესებულებების ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული და გაგზავნილი ინფორმაცია წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებულ პირისთვის. უზენაესმა სასამართლომ პირველად იმსჯელა მოცემულ საკითხზე და ინფორმაციის საჯაროობის სასარგებლოდ გადაწყვიტა პრაქტიკაში არსებული დავა ელ.ფოსტით განხორციელებული მიმოწერის საჯარო ინფორმაციის ცნების ქვეშ მოქცევის შესახებ.

IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის მიღების შესახებ განცხადებით იუსტიციის სამინისტროს 2015 წლის 10 მარტს მიმართა. IDFI-ის მოთხოვნას წარმოადგენდა იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელის (მინისტრის) ან შესაბამისი უფლებამოსილი პირის სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტიდან გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გაგზავნილი და მიღებული წერილების ასლების გაცემა.

იუსტიციის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადება, ისევე როგორც შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივარი. საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით IDFI-იმ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილდა IDFI-ის სარჩელი, რის შემდეგაც IDFI-მ გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ საკუთარი განჩინება სრულად დააფუძნა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და 2016 წლის 27 დეკემბერის განჩინებით უცვლელად დატოვა იგი.

2017 წლის 14 მარტს IDFI-იმ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა IDFI-ის მოთხოვნა.

უზენაესი სასამართლოს განმარტებით იმისთვის, რომ ესე თუ ეს ინფორმაცია / ოფიციალური დოკუმენტი მოექცეს საჯარო ინფორმაციის ცნების ქვეშ სავალდებულო არ არის ასეთი ინფორმაცია წარმოშობდეს რაიმე სამართლებრივ შედეგს ან გააჩნდეს მატერიალური დოკუმენტის რეკვიზიტები.

უზენაესმა სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტით სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით გაგზავნილი ან მიღებული ინფორმაცია, მით უფრო თუ იგი ეხება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ სახელმწიფო შესყიდვებს, წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

სასამართლოს განმარტებით სამსახურებრივი ელ.ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებები, თავისთავად არის ელექტრონული ფორმით არსებული ოფიციალური დოკუმენტი, ისევე როგორც საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები და იგი აკმაყოფილებს საჯარო ინფორმაციისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

უზენაესმა სასამართლომ აქვე განმარტა, რომ აღნიშნული არ გულისხმობს უწყების შიდა რგოლის თანამშრომლების მიერ გადაწყვეტილების შესაქმნელად წარმოებულ შიდა მოსამზადებელ მიმოწერას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები